ახალი ამბები

,,ისლანდიამ შესაძლოა, ზაფხულში უყაროს კენჭი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას” – პოლიტიკო

ისლანდიამ შესაძლოა, ზაფხულში უყაროს კენჭი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ისლანდიის პარლამენტი მომდევნო კვირებში საჯაროდ გამოაცხადებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კენჭისყრის თარიღს, რომელიც, დიდი ალბათობით, აგვისტოში შედგება.

„პოლიტიკო“ ასევე წერს, რომ ისლანდიელები კენჭისყრაზე თუ მხარს დაუჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ ის ბლოკის წევრი ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანაზე ადრე გახდება.

„ევროკავშირის გაფართოების შესახებ საუბარი იცვლება. სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოებას და ჩვენს შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ კონკურენტულ გავლენათა სფეროების სამყაროში. ეს ეხება ყველა ევროპელს“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.

ამ კონტექსტში „პოლიტიკოსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა რესპონდენტმა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს, ახსენა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ვფიქრობ, ტრამპის მიერ დავოსის სიტყვაში ისლანდიის ოთხჯერ მოხსენიებამ, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი გრენლანდიაზე საუბრობდა, ყველას ყურადღება მიიპყრო. ამ პატარა ქვეყნისთვის ეს შემაშფოთებელია“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მოლაპარაკებები ისევ ისლანდიის სურვილით შეჩერდა 2015 წელს. ბოლო გამოკითხვებით, ისლანდიელების 45% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, 35% კი წინააღმდეგია

იტვირთბა....