საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში პროტესტია – ადგილობრივები მიწების გასხვისებას აპროტესტებენ და შესაბამის უწყებებს დახმარებისკენ მოუწოდებენ.
მოსახლეობის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან არსებული ისედაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები მიწების გასხვისების ფაქტმა კიდევ უფრო დაამძიმა. მათი თქმით, სოფელი პრაქტიკულად საძოვრების გარეშე დარჩა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთები სოფლის სარეზერვო ფონდს ეკუთვნოდა, თუმცა გასხვისების პროცესი ისე განხორციელდა, რომ მოსახლეობა ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხის დროული და სამართლიანი გადაწყვეტა მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ეს იყო მიწა, რომელსაც სარეზერვო მიწა ერქვა კომისიის მიერ დადგენილი. 25-25 მეასედი დაგვიტოვეს, რომ ჩვენი შვილები რომ გაიზრდებოდნენ, შვილიშვილები გაზირდებოდნენ, ეს მიწა მიგვეცა ჩვენი მომავალი თაობისთვის. მთავრობა მოვიდეს, დაიწყოს საბუთები თავიდან, პირველად ვის მისცეს. მოვიდნენ, ჩაგვაყენონ საქმის კურსში, საბუთები მაგათ ხელშია, ვინ ვის მიჰყიდა, რატომ მიჰყიდა და რაზე გაყიდეს ჩვენი საკუთარი მიწის ფართობი, ეს დავადგინოთ, დავუძახოთ მოწინააღმდეგე მხარეს, ვინც იყიდა, ეგ, მემგონი, მე-9-ა, ვინც იყიდა, თუ არ ვცდები და რას ყიდიან ჩუმად, რას აკეთებენ, ჩვენც ჩაგვაყენონს საქმის კურსში, – ამბობს ადგილობრივი.

