საფრანგეთის პრეზიდენტმა იმანუელ მაკრონმა მკაცრად გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას შემდეგ, რაც მან ლიონში ულტრამემარჯვენე აქტივისტის, კვენტინ დერანკის მკვლელობის შესახებ კომენტარი გააკეთა. მომხდარმა პარიზსა და რომს შორის დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
23 წლის კვენტინ დერანკი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მას ორი დღით ადრე, ლიონის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მომხდარი შეტაკებების დროს, ნიღბიანმა თავდამსხმელებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს , სცემეს და წიხლებით გაუსწორდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით შვიდ პირს წაუყენებენ ბრალს, მათ შორის ერთ-ერთს, რომელიც მემარცხენე პარტია La France Insoumise-ის (LFI) დეპუტატის საპარლამენტო ასისტენტია.
მელონიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დერანკის სიკვდილი, რომელიც მისი თქმით „მემარცხენე ექსტრემიზმთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ“ მოხდა, „ევროპისთვის საერთო ტკივილია“. მან ასევე დაგმო „იდეოლოგიური სიძულვილის კლიმატი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს“.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ განცხადებებს მკაცრი პასუხი გასცა. „ყოველთვის მაოცებს, როგორ არიან ნაციონალისტები, რომლებსაც არ სურთ, ვინმე ჩაერიოს მათ შიდა საქმეებში, პირველები, ვინც სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე აკეთებენ კომენტარს,“ — განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს. კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის მელონის, მაკრონმა უპასუხა: „ზუსტად მიხვდით.“
იტალიის პრემიერ-მინისტრის ოფისმა მაკრონის განცხადებას „გაკვირვებით“ უპასუხა. მათი თქმით, მელონიმ მხოლოდ სამძიმარი გამოხატა და საფრანგეთის შიდა საქმეებში ჩარევას ადგილი არ ჰქონია.
ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა დაძაბულობა ევროპელ ლიდერებს შორის და აჩვენა, თუ რამდენად სენსიტიურია პოლიტიკური ძალადობის თემები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

