გაერთიანებული სამეფო აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების დიეგო გარსიასა და გლოსტერშირში მდებარე ბრიტანული ბაზებიდან განხორციელებას არ დათანხმდა, – ინფორმაციას Sky news-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამერიკელი სამხედროები დიეგო გარსიაზე მდებარე ბაზის, ასევე გლოსტერშირში მდებარე სამეფო საჰაერო ძალების ფერფორდის ბაზის გამოყენებას გეგმავდნენ, სადაც აშშ-ის მძიმე ბომბდამშენები არიან განლაგებული.
ლონდონსა და ვაშინგტონს შორის არსებული შეთანხმებების თანახმად, პენტაგონს ოპერაციების დაწყება ამ ორი ადგილიდან, ასევე დიდი ბრიტანეთის სხვა საჰაერო ბაზებიდან, სადაც ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და პერსონალია განთავსებული, მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეუძლია.
გამოცემა The Times-ი წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოს ჯერჯერობით არ გაუცია ნებართვა ირანის წინააღმდეგ რაიმე პოტენციურ დარტყმასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს შეშფოთება, რომ ასეთი მისია საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
“შეიძლება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა მოგვიწიოს, შეიძლება არა. შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ. სავარაუდოდ, შემდეგი 10 დღის განმავლობაში გაიგებთ. დღევანდელი შეხვედრა მტკიცებულებაა იმისა, რომ მტკიცე ლიდერობით არაფერია შეუძლებელი…
ახლა ირანის დროა შემოგვიერთდეს გზაზე, რომელიც შეასრულებს იმას, რასაც ვაკეთებთ და თუ შემოგვიერთდებიან, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არ შემოგვიერთდებიან, ეგეც შესანიშნავი იქნება, მაგრამ ძალიან განსხვავებული გზა იქნება. არ შეიძლება მთლიანი რეგიონის სტაბილურობის მიმართ მუქარები გააგრძელონ და შეთანხმება უნდა გააფორმონ. ცუდი რაღაცები მოხდება, თუ ეს არ მოხდება”, – განაცხადა ტრამპმა.

