ეკონომიკური დივერსია საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ – ასე აფასებს ქართული ოცნება “ნამახვანჰესის” საქმეზე პარიზის სასამართლოს განაჩენს. პროტესტისა და შეჩერებული პროექტის შემდეგ, კომპანია “ენკას” სარჩელზე პარიზის სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება აღიარა და საქართველოს 400 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ, საქართველოს მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა. “ქართულ ოცნებაში” ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იხსენებენ, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ვარლამ გოლეთიანისა და სამოქალაქო ჯგუფების პროტესტს, რომელმაც “ენკასთან” ხელშეკრულების გაწყვეტა გამოიწვია.
“ნამახვანჰესის” პროექტის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას ქვეყნისთვის 800 მილიონის ინვესტიცია უნდა შემოეტანა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკური და ენერგოდამოუკიდებლობა არ სურთ, მომავალში არაფერს დაუთმობენ.
“მაშინ სახელმწიფომ ვერ შეძლო, არ არსებობდა ძალები, არ არსებობდა შიდა პოლიტიკური რესურსიც, ამაზე პრემიერმა არაერთხელ ისაუბრა. ჩვენ გარკვეული დრო დაგვჭირდა ჩვენი თავის მობილიზებისთვის, რომ ასეთი დიდი ზეწოლისათვის წინააღმდეგობა გაგვეწია. იმ ადამიანებმა და მათმა დამქაშებმა, რომლებსაც არ აწყობთ საქართველოს ეკონომიკური განვითარება, რომელთაც არ აწყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ჰქონდეს, ამას დიდი მტრობა გაუწიეს. მაშინ ხალხს ეგონა, რომ ეს მართლა ეკოლოგიური პრობლემებით იყო გამოწვეული. გინახავთ ეს ხალხი სხვა თემებზე გამოსული ამ წლების განმავლობაში? აქედან ჩანს, რომ იმათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს თემები. მათთვის მთავარი იყო ეს შეფერხება. ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ამ ადამიანებს, მომავალში არაფერს აღარ დავუთმობთ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

