აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ირანზე შეზღუდულ სამხედრო თავდასხმას, რათა აიძულოს თეირანი, ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით თავის მოთხოვნებს დათანხმდეს, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ეს იქნება თეირანზე ზეწოლა შეთანხმების მისაღწევად პირველი ნაბიჯი, თუმცა ის არ გულისხმობს სრულმასშტაბურ თავდასხმას, რამაც შესაძლოა, მწვავე საპასუხო დარტყმა გამოიწვიოს.
ანონიმური წყაროს ცნობით, თუ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდება, პირველი დარტყმები შეიძლება, რამდენიმე დღეში განხორციელდეს, ხოლო თავდასხმა რამდენიმე სამხედრო ან სამთავრობო ობიექტზე იქნება მიმართული. იმ შემთხვევაში, თუ ირანი კვლავ უარს იტყვის ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე, აშშ უპასუხებს ფართომასშტაბური თავდასხმებით რეჟიმის ობიექტების წინააღმდეგ, რაც, შესაძლოა, თეირანის რეჟიმის დამხობას ისახავდეს მიზნად.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ერთ-ერთი წყაროს თქმით, ტრამპმა შესაძლოა, ეტაპობრივად გააძლიეროს იერიშები, დაიწყოს მცირე დარტყმებით და გადავიდეს უფრო მასშტაბურ შეტევებზე, ვიდრე ირანის რეჟიმი, ან არ შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას, ან არ დაემხობა.

