ახალი ამბები

“რუსეთიდან მოდის ისეთი ზეთი, რომელსაც იქაურ ქსელში ვერ ნახავთ, იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება” – შპს ჯოლიო

“დაბალი ხარისხის ზეთი, რომელიც მოდის 90% რუსეთიდან, არ არის იმ სტანდარტებით ნაწარმოები, რომელსაც მაგალითად მე მომთხოვთ საქართველოში”,- ამის შესახებ ფოთში მდებარე ზეთის მწარმოებელი საწარმოს, შპს ჯოლიოს მმართველმა პარტნიორმა გიორგი ადეიშვილმა ფასების საპარლამენტო კომისიაზე განაცხადა.

მან რუსეთიდან შემოსული პროდუქტის ნაწილის არასათანადო ხარისხზე ისაუბრა.

“ჩვენ 13 ქვეყანაში გვაქვს ზეთის ექსპორტი განხორციელებული. მუდმივი პრობლემა იყო, რომ ექსპორტზე ბევრად უფრო კომფორტულად ვყიდდი ამ საქონელს, ვიდრე ქართულ ქსელებში. არც შევსულვართ თითქმის, ე.წ. ზეთის რუსული ნაკადის გამო. ბრენდირებულ ზეთებზე არ ვამბობ, მაგრამ იაფიანი ზეთის სეგმენტში, რუსეთიდან მოდის ისეთი მწარმოებლის ზეთი, რომელსაც რუსეთში ქსელში ვერ ნახავთ, იმდენად არაკონტროლირებად პირობებში იქმნება ეს პროდუქტი”,- თქვა გიორგი ადეიშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად შპს ჯოლიოს ქარხანა გაჩერებულია, რადგან ნედლეულის [მზესუმზირის] შემოტანას ვერ ახერხებს.

“რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აი ამ სამ ქვეყანას შეუძლია მომაწოდოს მზესუმზირა. სამივესგან ისეთი გადასახადებია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მზესუმზირის მიღება.

ჩვენი საწარმო ელოდება, როდის მორჩება [რუსეთ-უკრაინის] ომი, 40 000 ტონა ზეთი ესაჭიროება საქართველოს და აქედან მისი გამომუშავება და ამის დამზადება ნულია”,- განაცხადა შპს ჯოლიოს მმართველმა პარტნიორმა.

იტვირთბა....