ახალი ამბები

,,ბაჩიაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია, მიხვდა, რომ უარი უნდა თქვას წამებულის როლზე და აღიაროს სიმართლე – ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რაც სახელმწიფოს, კონკრეტულ პირს, პირთა ჯგუფს მიაყენა, კანონი მის მიმართ იქნება შეღავათიანი” – გია ვოლსკი

,,ბაჩიაშვილი საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიხვდა, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას, რომ მან უარი უნდა თქვას წამებულის როლზე, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი და აღიაროს სიმართლე, რომელიც, რასაკვირველია, განმტკიცებულია კონკრეტული ფაქტებით და არა ვინმეს ნება-სურვილით , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი პოლიტიკური პატიმარი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში.

“მტკიცებულებათა ერთობლიობა აღიარების გარდა, სხვა გზას არ ტოვებს. აღიარა იმიტომ, რომ რეალურად ჩაიდინა დანაშაული და მისი დანაშაულებრივი საქმიანობა, რასაკვირველია, აისახა კონკრეტულ ქმედებებშიც. რასაკვირველია, საფუძვლიანი ეჭვია, რომ სწორედ იმიტომ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის საქმიანობას, თუნდაც იმ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს, რომ როგორმე თავი აერიდებინა პასუხისმგებლობისგან, რომელიც აუცილებლად მოუწევდა იმ დანაშაულებების გამო, რომელიც რეალურად ჩაიდინა. რეალურია მტკიცებულება, სადაც რეალურად მონაწილეობდა რეალური ადამიანი, აქედან გამომდინარე, მისი აღიარება, თუნდაც ზარალის ანაზღაურება, უნდა გახდეს საფუძველი… არა მარტო ამ შემთხვევაში, ზოგადად, არსებობს ეს პოლიტიკა საქართველოში, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც აანაზღაურებს თუნდაც მძიმე ზარალს, რომელიც სახელმწიფოს, კონკრეტულ პირს, პირთა ჯგუფს მიაყენა, თუ აღიარებს, და ამ შემთხვევაში ესეც მოხდა, რასაკვირველია, კანონი მის მიმართ იქნება შეღავათიანი.

ბაჩიაშვილი არათუ პოლიტიკურ პატიმრად იყო აღიარებული, არამედ საერთაშორისო სასამართლოში ამ საკითხის მიტანით ემუქრებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას. რასაკვირველია, ამას პერსპექტივა არ ჰქონდა. ეს ყველაფერი დაინახა თავად ბაჩიაშვილმა. იგი არ არის უგონო ადამიანი, საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიხვდა რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა განაპირობებს იმას რომ მან უარი უნდა თქვას წამებულის როლზე, უარი უნდა თქვას იმაზე, რომ არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი და აღიაროს ის სიმართლე, რომელიც, რასაკვირველია, განმტკიცებულია კონკრეტული ფაქტებით და არა ვინმეს ნება-სურვილით. ასე რომ, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც არ უნდა უჭერდე მხარს, ჯერ თვალი უნდა გაახილო და უნდა დაინახო, რომ პოლიტიკური პატიმარი ბაჩიაშვილი არც ყოფილა და ვერც გახდებოდა პერსპექტივაში,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა რომ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც გათავისუფლდნენ, ვოლსკი ასე პასუხობს:

“აღიარება, ზარალის ანაზღაურება, რასაკვირველია, შეიძლება გახდეს ლოიალობის წინაპირობა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ლილუაშვილს – ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნია, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....