ოკუპირებულ დნესტრისპირეთში ცხინვალის ე.წ. წარმომადგენელს, ვიტალი იანკოვსკის მოლდოვამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლით აუკრძალა – ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური გამოცემა IPN ავრცელებს.
მათივე ცნობით, იანკოვსკი ქვეყანაში არასასურველ პირად აღიარეს.
რადიო თავისუფლება წერს, რომ 1969 წელს უკრაინაში დაბადებული იანკოვსკის ოჯახი 1970-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, 70-იანი წლების ბოლოს კი მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონში დასახლდა. მას შემდეგ, რაც 1990-იან წლებში დნესტრისპირეთმა ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ვიტალი იანკოვსკის დე ფაქტო მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და მთავრობის აპარატის უფროსის. 2008 წლის აგვისტო-ნოემბერში იანკოვსკი ცხინვალში იმყოფებოდა, როგორც „დნესტრისპირეთის მოხალისეთა ავარიულ-სამაშველო რაზმის მეთაური“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ვიტალი იანკოვსკი 2017 წელს დანიშნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად დნესტრისპირეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. მოლდოვის ამ რეგიონს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს – ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს ერთმანეთის „დამოუკიდებლობა“ აქვთ აღიარებული.

