კარიბის ზღვის აუზში ჩატარებული ამერიკული სამხედრო ოპერაციები, რაც ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავებით დასრულდა, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს თითქმის $3 მილიარდი დაუჯდათ – წერს გავლენიანი გამოცემა Bloombergი.
როგორც ირკვევა, ხარჯების ზრდა ოფიციალური ვაშინგტონის მიერ ნოემბერში გაცემულ ბრძანებას მოჰყვა, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დიდი სამხედრო ფლოტი გაიგზავნა. ეს მოქმედებები, მეტწილად, მადუროსა და მისი მეუღლის ნარკოტერორიზმის ბრალდებით დაკავების შემდეგ დასრულდა. თუმცა ამჟამად შტატების სამხედრო-საზღვაო ძალები რეგიონში ნაწილობრივ ბლოკადას კვლავ აგრძელებენ და ძალაუფლების ტრანზიციის პროცესს აკონტროლებენ.
როგორც ოფიციალურ ვაშინგტონში აცხადებენ, სამხედრო ოპერაციებზე გაწეული ხარჯები თავდაცვის ბიუჯეტიდან იფარება, თუმცა ფლოტის ყოველდღიური დანახარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ ნოემბრიდან იანვრამდე ოპერაციების ღირებულებამ დღიურად $20 მილიონს გადააჭარბა. მხოლოდ USS Gerald R. Ford-ის დამრტყმელი ჯგუფის შენახვა გადასახადის გადამხდელებს დღეში დაახლოებით $11.4 მილიონი დაუჯდათ.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შტატებმა სამხედრო მოქმედებები ნარკოტიკის გადაზიდვების შესაჩერებლად დაიწყო, თუმცა მალევე ვენესუელას რესურსებზე კონტროლის დამყარების სტრატეგიულ ოპერაციად გადაიქცა. ვენესუელა მსოფლიოში ნედლი ნავთობის უდიდეს მარაგს – დაახლოებით 303 მილიარდ ბარელს, გლობალური მარაგის 17% ფლობს.
შტატებმა ადგილობრივ დროებით ხელისუფლებასთან 50 მილიონი ბარელის მოცულობის შეთანხმება უკვე გააფორმა, რათა შემოსავლების მართვა ვაშინგტონის პირობებით მოხდეს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, თეთრი სახლი ქვეყნის კონტროლს “მთავრობის გონივრული ცვლილების” დასრულებამდე განაგრძობს. ტრამპის განცხადებით, რეგიონში სამხედროების კვლავ დარჩენა გაფრთხილებაა სხვა აქტორებისთვის – თუ ისინი არ დაემორჩილებიან თეთრი სახლის მოთხოვნებს და წინააღმდეგობას გასწევენ, ამერიკა მზად იქნება, გაიმეოროს იგივე.
შეგახსენებთ, ასეთი სახის გზავნილები ოფიციალურმა ვაშინგტონმა კოლუმბიის, მექსიკის, კუბისა და პანამის მისამართით გააჟღერა.

