აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით სამშაბათს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ირიბად ჩაერთვება.
შეთანხმების პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა თქვა, რომ ირანი, დიდი ხანია, ცდილობს მოლაპარაკებებში მკაცრი პოზიციის დაკავებას, მაგრამ ამ მიდგომის შედეგები გასულ ზაფხულს ნახა, როდესაც აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
მისივე თქმით, თეირანი ამჯერად მოტივირებულია მოლაპარაკებების გასამართად.
„მე ირიბად ჩავერთვები ამ მოლაპარაკებებში და ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვნახოთ, რა შეიძლება, მოხდეს. ვგულისხმობ, რომ, როგორც წესი, ირანი ძალიან რთული მომლაპარაკებელია. იმედი მაქვს, რომ ისინი უფრო გონივრულები იქნებიან. მათ შეთანხმების დადება სურთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

