აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“რეჟიმს ყველაზე მეტად სტკივა არაღიარება და წინააღმდეგობა, სწორედ ამის გამო სჯის ელენე ხოშტარიას” – გიგა ლემონჯავა

ეს [ელენე ხოშტარიას პატიმრობა] არის ერთგვარი სიგნალი ყველასთვის, ვინც გარეთ ვართ, თუმცა ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება! – ელენეს მინდა ვუთხრა (ეს მან ჩემზე კარგად იცის), რომ ციხეში ყოფნა არ არის იზოლაცია, არ არის პროცესისგან მოწყვეტა. იქ ყოფნა არის წინააღმდეგობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, – ამის შესახებ გიგა ლემონჯავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ იციან, რომ „რეჟიმს ყველაზე მეტად სტკივა არაღიარება და წინააღმდეგობა, სწორედ ამის გამო სჯის ელენე ხოშტარიას“.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სინამდვილეში, არავითარი ფლომასტერი, როგორც რეალური საფუძველი ელენეს მიმართ პოლიტიკური დევნის, არ არსებობს. ელენეს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, იმის გამო, რომ არ ითანამშრომლა; იმის გამო, რომ წინააღმდეგობა გაწია; იმის გამო, რომ გააკეთა ყველაფერი, რუსული ბოროტი რეჟიმის დემონტაჟისთვის. რა თქმა უნდა, ამის კეთებას გააგრძელებს.

ასევე, ეს არის ერთგვარი სიგნალი ყველასთვის, ვინც გარეთ ვართ. ერთგვარი მუქარა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხი არის შემდგომი (რასაც ელენე იტყოდა ახლა ჩვენს ადგილას რომ იყოს და ნებისმიერი ჩვენგანი ციხეში იყოს) – ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება. ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვება წარმოგვიდგენია მისი ჩამოშლის გზით. ეს მომენტი აუცილებლად დადგება. თავისუფლებისთვის ბრძოლას, სამართლიანობისთვის ბრძოლას, ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული მომავლისათვის ბრძოლას ივანიშვილი ვერ გააჩერებს ვერავითარი ციხით, ვერავითარი ციხის შიშით, ვერავითარი პოლიტიკური ანგარიშსწორებით. ელენე ხოშტარიას გვერდით ბრძოლა არის პრივილეგია და პატივი თითოეული ჩვენგანისთვის. მისი ქმედებები მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იყო არა უბრალოდ ემოციური, არამედ აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული.

ჩვენ ვიცით, რა სტკივა რეჟიმს ყველაზე უფრო მეტად. რეჟიმს სტკივა არაღიარება, რეჟიმს სტკივა წინააღმდეგობა. ამის გამო სჯის ელენე ხოშტარიას. ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც ვერ წარმოუდგენია, რატომ შეიძლება წავიდეს ადამიანი ციხეში ღირებულებების, ფასეულობების, სამშობლოს სიყვარულის გამო. ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უანგაროდ, ყოველგვარი საზღაურის გარეშე მთელი გულით და გონებით ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს, მის ჭეშმარიტ ევროპულ მომავალს, მის სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას. ასევე, ისინი მზად არიან, ამ ბრძოლისთვის გაიღონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანს გაჩნია – ეს არის პირადი თავისუფლება.

ელენეს მინდა ვუთხრა, ეს მან ჩემზე კარგად იცის, რომ ციხეში ყოფნა არ არის იზოლაცია, ციხეში ყოფნა არ არის პროცესისგან მოწყვეტა. იქ ყოფნა არის წინააღმდეგობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. დიდი საქმეების კეთება შეიძლება ციხიდან. ჩვენ მასთან ერთად გავაკეთებთ დიდ საქმეებს, მანამ სანამ ის გამოვა და მისი გამოსვლის შემდგომაც, გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი ჩამოიშალოს; რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას, ევროპულ მომავალს, დავიცვათ მისი სუვერენიტეტი და ამ ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა. დღეს ჩვენ ვართ ისეთი მტკიცენი, როგორც მე პირადად, არასდროს ვყოფილვარ“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

იტვირთბა....