„მთავარია, საარჩევნო პროცედურა დასრულდეს მშვიდ გარემოში და ობიექტურად შეჯამდეს შედეგები“, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა. მან რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
„დღეს მნიშვნელოვანია დღეა, რადგან უნივერსიტეტი ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ასეთი რამ უნივერსიტეტის ისტორიაში არ მომხდარა. ძალიან დიდია დაინტერესება – არის ამომრჩევლის რიგი, რაც კარგია. ყველაზე მთავარია, ეს პროცედურა დამთავრდეს მშვიდ გარემოში, ობიექტურად შეჯამდეს შედეგები და უნივერსიტეტმა შეძლოს გამჭვირვალედ გააგრძელოს საქმიანობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელძღვანელობით“, – განაცხადა პაპავამ.
ცნობისთვის, თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დღეს დილით დაიწყო. ამ პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს. სამი მათგანი ამავე სასწავლებლის პროფესორია, ერთი კი საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კენჭისყრა 18 საათზე დასრულდება. შედეგები სავარაუდოდ, დღესვე გახდება ცნობილი. გამარჯვებული კანდიდატი ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი აგვისტოში ჩატარდება.
ეს ცვლილებები უნივერსიტეტში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა. რექტორმა თანამდებობა სტუდენტთა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა.