ახალი ამბები მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში რომეო მიქაუტაძის ბიზნესპარტნიორი აძლევს ჩვენებას

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის ბიზნესპარტნიორი აძლევს ჩვენებას.

“შპს „მცირეს“ შენობა, აშენებული იყო 90-იან წლებში, რომლის შეძენაც, ჩვენს მიერ მოხდა, კერძო პირისგან. შემდეგ ამ კომპანიის გაყიდვა გადავწყვიტეთ, 2017 წელს კი რომეო ეკონომიკის სამინისტროში გადადის, აქედან გამომდინარე წილების გაფორმება მოხდა ოჯახის წევრებზე. კომპანიის დირექტორი ზაზა სიხარულიძე გახდა.

წილების გადაფორმება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ რომეო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ გაყიდვა ვერ მოვასწარით და ოჯახის წევრებზე გადავაფორმეთ. 2017-2018 წელს მოხდა გაყიდვა, რომელიც თემურ ადონიამ იყიდა. თანხაზე შევთანხმდით, ანგარიშსწორება კი ნაღდი ფულით მოხდა. თანხა თანაბრად განაწილდა. ჩემს შემთხვევაში ფული მე თავად წავიღე.

„მცირეს“ გაყიდვის შემდეგ ინტერესი მქონდა, რომ მსგავს პროექტში შევსულიყავი. „ნახიდურ ჰესს” რაც შეეხება, რომეოსგან გავიგე, რომ ეს პროექტი იყიდებოდა. 20 000 დოლარად ვიყიდეთ, წილები თანაბრად გადანაწილდა. წილები გაფორმდა – გიორგი თეთრაძეზე და მაია ყურაშვილზე. რომეოს მხრიდან წილი მაიაზე გაფორმდა”,- განაცხადა ბაჩანა სულაძემ.

ამის შემდეგ კი პროკურორმა წაუკითხა მისი ჩვენებიდან ამონარიდი და ჰკითხა ადასტურებდა თუ არა ჩვენებაში ჩანაწერს – „ვინაიდან რომეო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაინიშნა, წილები ოჯახის წევრებზე გაფორმდა, რადგან არ გვინდოდა ამ ქონების გამოჩენა, რადგან მაღალ თანამდებობაზე ვიყავით“.

„ვადასტურებ ჩვენებას, რომ არ გვინდოდა ამ ქონების გამოჩენა. რადგან მაღალ თანამდებობაზე ვიყავით. ეს ჩემს ნაწილში ასეა და ალბათ რომეომაც ასე ჩათვალა“ – განაცხადა ბაჩანა სულაძემ.

იტვირთბა....