ახალი ამბები

11 მილიონზე მეტი: დეტალური ხარჯთაღრიცხვა თუ რა ჯდება მუსიკოსების ვიზიტი საქართველოში

Maroon 5-ის, რობი უილიამსის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასისა და GROOVE SONIX-ის ჰონორარებზე საქართველოს მთავრობა 11,166,639 მილიონ ლარს დახარჯავს, ამის შესახებ პროექტ Check-in Georgia-ს ოფიციალური ხარჯთაღრიცხვიდან გახდა ცნობილი.

ამ თანხაში შედის მუსიკოსებისა და მათი თანმხლები ჯგუფების ჰონორარები და ტრანსპორტირება.

ყველაზე მრავალრიცხოვანი 66 კაციანი ჯგუფი ეროს რამაზოტის კონცერტის ორგანიზებისთვის არის საჭირო. რობი უილიამსის კონცერტს 51 ადამიანი მოემსახურება, Maroon 5-ის კონცერტისთვის კი ბიუჯეტი 30 კაციან ჯგუფზეა გათვალისწინებული.

რობი უილიამსის კონცერტისთვის დინამოს სტადიონის მოწყობაზე 3.6 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ეროს რამაზოტის კონცერტისთვის სპორტის სასახლის იჯარაზე კი 55 ათასი ლარია გამოყოფილი.

“პროექტისთვის „Check in Georgia“, რომელშიც ერთიანდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ყოველწლიური ტრადიციული ფესტივალები, წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებითი თანხები გამოიყო. აღნიშნული დამატებითი ფინანსური რესურსი მოხმარდება 150-ზე მეტი ღონისძიების ჩატარებას:

მსოფლიოს ვარსკვლავების – ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, MAROON 5-სა და ხოსე კარერასის კონცერტებს;

საქართველოს 17 ქალაქში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილ 59 კონცერტს;

ფესტივალს „HeatBatumi”, რომელიც თავის მხრივ მოიცავს 93 ღონისძიებას, მათ შორის: კონცერტები, თეატრალური წარმოადგენები, სხვადასხვა ტიპის შოუ, გამოფენები, ფესტივალები და ა.შ.

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს;

ელექტრონული მუსიკის ფესტივალს “Gem-Fest”;

პროექტის „CheckinGeorgia“ ფარგლებში, ქალაქ ბათუმში, ფესტივალ „HeatBatumi”-ის სეზონის განმავლობაში, ჩოგბურთის კორტებზე საკონცერტო მოედნის მოწყობას, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებითა და ყველა იმ სერვისით, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კონცერტის ჩასატარებლად. ხელისუფლების მხრიდან ასეთი უპრეცედენტო შეთავაზება ქართველ პროდიუსერებს, მომღერლებსა და მუსიკოს-შემსრულებლებს აძლევს საშუალებას, ფაქტობრივად, მთელი ზაფხულის სეზონზე (1 ივლისიდან 10 სექტემბრამდე) სრულიად უსასყიდლოდ მათთვის გამოყოფილი სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით დაწყებული პროექტი „Check in Georgia” ემსახურება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყანაში შიდა და გარე ტურიზმის მასშტაბებს და მისი, როგორც ტურისტულ-კულტურული ცენტრის ცნობადობას და საერთაშორისო იმიჯს. ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას რეგიონში. ეს პროექტი, რომელიც შემდგომ ტრადიციად იქცევა, მნიშვნელოვნად წაახალისებს კერძო ბიზნესს და შექმნის სამუშაო ადგილებს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პროექტის სრული ბიუჯეტი 29 მილიონი ლარია და ის სრულად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

იხილეთ დოკუმენტი

იტვირთბა....