ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მუქარები ძალოვანი სტრუქტურებიდან: სტუდენტები „მეტრონომთან“ დეტალებს ყვებიან

რა ხდება თსუ-ში:  ვინ ცდილობს „აუდიტორია 115“-ის შეჩერებას?

„როგორც კი ოდეერის წინააღმდეგ აქციები დავიწყეთ, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის მხრიდან ჩვენზე ზეწოლის ფაქტები განხორციელდა. ამ განცხადებას „აუდიტორია 115“-ის წევრები  „მეტრონომთან„ საუბრისას აკეთებენ. მათი თქმით, თსუ-ს ამჟამინდელი რექტორის, ვლადიმირ პაპავას განცხადება, რომ სტუდენეტებმა ოდეერის წინააღმდეგ აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც რექტორის გადაყენება მოახერხეს, სიცრუეა.

„აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სტუდენტური მოძრაობის ნაწილი ნამდვილად მართულია სხვადასხვა ძალოვანი უწყების მიერ. „სტუდენტურ თვითმართველობას, რომ შსს და უშიშროება მართავს, ამას ყოველთვის ვამბობდით“. – აცხადებენ ისინი „მეტრონომთან“.

ზეწოლის კონრეტულ ფაქტებზე „მეტრონომთან“ „აუდიტორია 115“-ის წევრებმა,  თორნიკე შევარდნაძემ, ირაკლი კუპრაძემ და ნათია ქარჩილაძემ ისაუბრეს.

„მეტრონომი“ : თორნიკე, ვლადიმერ პაპავას განცხადება, რომ სტუდენტური მოძრაობა იმართება კონკრეტული ძალის მიერ  და თქვენ მხოლოდ მისი გადაყენება გსურდათ, რადგან შედეგის მიღებისთანავე შეწყვიტეთ ოდეერის წინააღმდეგ გამოსვლები, საეჭვოდ დაემთხვა თქვენს გუშინდელ განცხადებას, ძალოვანი სისტემების მხრიდან თქვენ მიმართ დაწყებულ ზეწოლაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ სტუდენტური მოძრაობა  ნამდვილად იმართებოდა კონკრეტული ძალის მიერ, ხოლო ამ ძალას, პაპავას გადაყენების შემდეგ, თქვენ აღარ სჭირდებით და ზეწოლაც დაიწყო.

თორნიკე შევარდნაძე: პაპავას ეს კომენტარი ჩვენ არ მოგვეწონა და ამაზე უკვე გავავრცელეთ საპასუხო განცხადება. სიცრუეა როცა მან თქვა, რომ პაპავას გადადაგომის შემდეგ ოდეერების თემა აღარ გაგვხსენებია. თუ ნახავთ ჩვენ მიერ სამი დღის წინ გამართულ აქციას, უშიშროების წინ ვდგავართ და ვყვირით „არა ოდეერს“. ჩვენი მსვლელობის ერთ-ერთი წერტილი სწორედ უსაფრთხოების სამსახური იყო. პაპავას გადადგომაზე მეტად სწორედ ოდეერებსა და სისტემაზე ვაკეთებდით აქცენტს, რადგან პაპავა წავა და მეორე პაპავა მოვა.

პაპავას გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა მხოლოდ ის, რომ  უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში რეალურად ძალოვანი უწყებები იყვნენ ჩართულები. ძალიან ცუდია ის, რომ რექტორმა ეს დაგვიანებით თქვა. დაემთხვა ის, რომ ჩვენი ერთ -ერთი წევრის, ნათიას ქარჩილაძის ოჯახის წევრებზე დაიწყო მუქარა. მას მამის სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. „აუდიტორიის“  სხვა წევრებიც განიცდიან და განიცდიდნენ ზეწოლას, თუმცა გარკვეული მიზეზებისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ფაქტებზე ხმამაღლა საუბარს ჯერ ერიდებიან. ყველას ვერ მოვთხოვთ იმ სიმამაცეს, რაც ნათიამ და ირაკლიმ გამოიჩინეს, თუმცა მუქარის 6-7 შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. მუქარის მიზანია ამ ადამიანებმა უარი თქვან  „აუდიტორია 115“-სა და აქტივისტობაზე. ბუნებრივია, ეს თავისთავად გულისხმობს ოდეერების წინააღდეგ პროტესტის შეწყვეტის მოთხოვნას.

– ფიქრობთ რომ თქვენი ქმედებები შეიძლება ვინმემ გარკვეული მიზნით გამოიყენა?

– ვერ გეტყვით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით ჩვენი ქმედებები არავის გამოეყენებინა. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა პაპავას გადადგომა ნადვილად იყო. ამით ვინ ისარგებლებს, ეს ჩვენი საქმე არ არის. მაგრამ ამის პარალელურად სისტემურ ცვლილებებს ვითხოვთ.

– ვის აწყობს თქვენი მართვა?

– ჩვენი რწმენით აქ არიან უშიშროების და ძირითადად ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები და არა უშუალოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, მათ შორის პრემიერ-მინისტრი. სწორედ ამიტომ შევხვდით პრემიერს და გვაქვს მასთან კონტაქტი. გვინდა გვჯეროდეს, რომ ის ამ ყველაფერთან არ არის დაკავშირებული. ვიცით რომ ეს სისტემები კონსოლიდირებულნი არ არიან და ძალოვანი სისტემები სრულიად დამოუკიდებლად არსებობენ, რიგ შემთხვევაში პრემიერის იურიდიქსცია მათზე არ ვრცელება. ასე რომ, გვაქვს ეჭვი, სუსი თუ შსს მოქმედებს დამოუკიდებლად.

რა გეგმა გაქვთ?

– არ გავჩერდებით, დღეს გვაქვს საერთაშორისო გამჭვირვალობასთან შეხვედრა, სადაც კონკრეტულ ფაქტებს წარვადგენთ. ასევე დიდ დემონსტრაცია-მსვლელობას ვგეგმავთ და პარალელურად, პრემიერთან გვაქვს კონტაქტი. ასე რომ, სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა არა თუ ჩერდება, ახლა გადადის აქტიურ ფაზაში.

 

„აუდიტორია 115“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათი წევრის, ნათია ქარჩილაძის მამას სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, თუ ნათია ოდეერების წინააღმდეგ აქციებს არ შეწყვეტს. „მეტრონომთან“ საუბრისას ნათია ქარჩილაძე ადასტურებს, რომ მასთან ერთად „აუდიტორიის“ სხვა წევრებზეც ვრცელდება მუქარა.

„მეტრონომი“: ნათია, ვის მიერ განცხორციელდა მამათქვენზე მუქარა?

ნათია ქარჩილაძე: დირექტორი მივიდა მამასთან და უთხრა, რომ უშიშროებიდან დაავალეს, თუ მე ბრძოლას არ შევწყვეტ, გათავისუფლდება სამსახურიდან.

სად მუშაობს მამათქვენი?

– ოზურგეთის მინიციპალიტეტში, სპორტის მიმართულებით.

ჩვენ 7 მარტიდან დავიწყეთ ოდეერის შესახებ საუბარი და დღემდე ეს ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. მე არ ვარ მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისზეც ეს მუქარა ვრცელდება, მაგრამ ვერ ამბობენ ამის შესახებ საჯაროდ.

სანამ ამ აქციებს დავიწყებდით, ჩვენ მეგობართან, ირაკლი კუპრაძესთან სახლში იყვნენ უშიშროების სამსახურიდან მისულები. მან სახალხო დამცველს და შსს-ს მიმართა. ბევრი ჩვენი მეგობარი დღემდე ვერ საუბრობს ამ ზეწოლაზე იმიტომ, რომ ეშინია მისი მშობლები არ გათავისუფლდნენ. იმედი მაქვს შევძლებ, რომ ჩვენმა მეგობრებმა ამაზე ღიად დაიწყონ საუბარი. მე პირადად მამისგან მხარდაჭერა მაქვს და ამიტომ შემიძლია ხმამაღლა საუბარი.

ირაკლი კუპრაძე პირველი იყო, ვისმა ოჯახმაც სტუდენტის აქტივობის შემდეგ ზეწოლა განიცადა. „აუდიტორია 115“-ის წევრი იხსენებს, რომ ოდეერების წინააღმდეგ გამოთქმული პირველივე პროტესტის შემდეგ სახლში ძალოვანმა უწყებამ მიაკითხა და მშობლები დაკითხა.

ირაკლი კუპრაძე: ოდეერების წინააღმდეგ გამოთქმული პროტესტიდან მეორე დღესვე, ჩემ სახლში, ბათუმში, სადაც მე-4 წელია აღარ ვცხოვრობ, მშობლებთან მივიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და დაკითხეს ჩემი მშობლები, ჩემ მდგომარეობასთან დაკავშირებით: სად ვსწავლობდი, რას ვსაქმინობდი და ა.შ. ეს პირდაპირი ზეწოლა იყო, რადგან  ოჯახიდან მირეკავდნენ და მთხოვდნენ შემეწყვიტა ნებისმიერი აქტივობა. ათდღიანი ვადა, რომელშიც შსს-ს უნდა მოეწერა პასუხი, თუ ვინ იმყოფებოდა ჩემ სახლში, გავიდა და დღეს უკვე 48-ე დღეა ათვლილი, რაც პასუხი არ მიგვიღია. სახალხო დამცველმა დაიწყო უკვე შსს-ს დაჯარიმების პროცედურა, რისი საკანონმდებლო უფლებაც აქვს. პრემიერს შევხვდით და კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ეს საკითხი შეისწავლოს.

„მეტრონომი“: ვის გულისხმობდა ვლადიმერ პაპავა, როცა განაცხადა, რომ სტუდენტებს კონკრეტული ძალა მართავს?

ირაკლი კუპრაძე: ბატონმა ლადომ გააკეთა განცხადება, რომ ძალოვანმა  უწყებებმა ისიც კი იკადრეს, რომ საშიმშილოდ დასვეს სტუდენტები. ეს არის სტუდენტური თვითმართველობა, რომელზეც წლებია ვამბობთ, რომ უშიშროების მხრიდან იმართება. „აუდიტორია 115“-ის ბრძოლა ოდერეებზე გადის და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ.

„მეტრონომი“ ცდილობს შსს-ს და სუს-ს დაუკავშირდეს. მათ კომენტარებს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.

მანა ნოდია

IMG_7649

 

იტვირთბა....