„წლებია ველოდებით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, გია ბარამიძე დასაჭერი კი არა, დასახვრეტია იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ მოხდა“- ამის შესახებ სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ომეხ აფრასიძის დედამ, დოდო აფრასიძემ განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო “კვირას“ ინფორმაციით, დოდო აფრასიძე, რომელიც იმჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის დასჯას წლებია ითხოვს, ამბობს, რომ გიორგი ბარამიძე გამოძიებამ აუცილებლად უნდა დააპატიმროს.
დოდო აფრასიძისთვის უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის დაიკითხა.
„წლებია ველოდებით გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას, გია ბარამიძე დასაჭერი კი არა, დასახვრეტია იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ მოხდა. ევგენი ხელებაწეული გამოვიდა მაშინ სამართალდამცველების წინაშე, მაგრამ არ დაინდეს, სახლიც გადაგვიწვეს ბარბაროსულად და გაგვანადგურეს“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.
აფრასიძე ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მიღებული სტრესის შემდეგ, შმაგი აფრასიძის მეუღლე ინდირას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და ის დღემდე მკურნალობს.
„ინდირას იმ უბედურების დღეს ეგონა,რომ ბავშვიც დაიწვა. ამ ყველაფერს ვერ გაუძლო და ფსიქიკური პრობლემები გაუჩნდა, დღემდე ცუდადაა და მკურნალობს“, – აცხადებს დოდო აფრასიძე.
აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი ბარამიძე დააპატიმრონ.
როგორც გაზეთ „პრაიმტაიმის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი, აფრასიძეების საქმეზე გამოძიება ბოლოსკენ მიდის და ბარამიძის წინააღმდეგ კონკრეტული ჩვენებებიც არსებობს.
გამოცემის ინფორმაციითვე, ბარამიძემ საარჩევნო სიაში შესაძლოა, ბოლო ადგილზე გადაინაცვლოს და პარლამენტში ვერც მოხვდეს.
ამასთან, არ არის გამორიცხული, ბარამიძემ საქართველო დატოვოს და ოდესაში წავიდეს, თუმცა, როგორც თავად დეპუტატი ბარამიძე აცხადებს, იგი გამოძიებას არ გაურბის და აფრასიძეების საქმეში სუფთაა.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში, სოფელ ეწერში სპეცოპერაცია 2004 წლის 24 მარტს ჩატარდა, რომელსაც შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა. სპეცოპერაციის დროს მამა-შვილის, ევგენი და ომეხ აფრასიძეების ლიკვიდირება მოხდა. დაკავებულ ძმებს – გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი 19 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. გოჩა და შმაგი აფრასიძეებს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2013 წელს პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.