ახალი ამბები მთავარი

როგორც ჩანს, დღეს მაია სანდუ არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს – მახარაშვილი

როგორც ჩანს, დღეს მაია სანდუ არის ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

“ვერ გეტყვით, რატომ აძლევს თავს უფლებას დსთ-ს წევრი ქვეყნის ჩინოვნიკი, რომ სხვა ქვეყნის, საქართველოს საგარეო პოლიტიკა დაიწუნოს. ალბათ, დაასრულა საკუთარი ქვეყნის გაუქმება და შეუძლია სხვა საკითხებზეც გააკეთოს კომენტარი. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ ისტორიას, განცხადებებს, რაც მას აქვს გაკეთებული საქართველოსთან დაკავშირებით, ალბათ, ყველაფერი ნათელი იქნება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, 4 ოქტომბერს საკუთარი განცხადებებით როგორ უჭერდა მხარს ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას. ამიტომ ყველაფერი გასაგებია – როგორც ჩანს, ერთიანი დიდი პროცესის გაგრძელებაა. დღეს ის არის ის ადამიანი, ის მყვირალა ხმა, რომელმაც საქართველოზე დამაზიანებელი კომენტარები უნდა გააკეთოს იმის მიუხედავად, რომ არც სამსახურებრივად, არც საქმიანად, არც ეროვნულად და არც არაფრით, მას არაფერი ესაქმება საქართველოს შიდა საქმეებში.

ჩვენ ბევრჯერ გვინახავს სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს საკითხით ჟონგლიორობა. ხშირად იყენებენ ხოლმე საქართველოს საკითხს შიდა, მათ შორის, საკუთარი მარცხის გასამართლებლად თუ ასე შემდეგ. შეიძლება ამის ნაწილიც იყოს. უარესი განცხადებაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, საკუთარი ქვეყნის გაუქმებაზე აპირებს ხელის მოწერას თუ ამის საჭიროება დადგება. ეს არაა ჩვენი თემა, უბრალოდ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი დაანებონ საქართველოს საკითხით მანიპულირებას” – განაცხადა მახაშვილმა.

იტვირთბა....