ახალი ამბები მთავარი

საფრანგეთი ეწინააღმდეგება EU-ს გეგმას უკრაინისთვის Storm Shadow-ების შესყიდვაზე

გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ევროკავშირის 11 სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიცია გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინამ €90-მილიარდიანი სესხით ბრიტანული შეიარაღების შესყიდვა უფრო გამარტივებული წესით შეძლოს, თუმცა, გამოცემის მიხედვით, საფრანგეთი ამ წინადადებას ეწინააღმდეგება.

სესხთან დაკავშირებით არსებული გეგმა, რომლის ფარგლებშიც სესხის ორი-მესამედით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის შესყიდვა უნდა მოხდეს, უპირატესობას ანიჭებს ევროპისა და უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიებს.

თუმცა, Telegraph-ის მიერ ნანახი დოკუმენტების მიხედვით, უკრაინის თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ წელს უკრაინას ევროკავშირის მიღმა ქვეყნებიდან €24 მილიარდის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობა დასჭირდება. 

გამოცემის ცნობით, ეს რიცხვი ძირითადად ამერიკული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებს მოიცავს, თუმცა, დოკუმენტებში ასევე საუბარია შორი რადიუსის რაკეტების საჭიროებაზეც, რომელთა კიევისთვის მიწოდებასაც ევროპული ქვეყნები, სავარაუდოდ, ვერ შეძლებენ. 

ამის გამო, 11 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ ამ საჭიროების დაკმაყოფილება ბრიტანულ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს შეუძლია, რისთვისაც აღნიშნული ქვეყნები ემხრობიან, რომ უკრაინამ გაერთიანებული სამეფოსგან შეიარაღების შესყიდვა უფრო მარტივად შეძლოს.

დიპლომატიურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ საფრანგეთი ასეთი წინადადებების “აშკარა” მოწინააღმდეგეა, ვინაიდან საფრანგეთის მთავრობა ცდილობს, ევროკავშირი სტრატეგიულად ავტონომიური გახდეს, ძირითადად გრენლანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო. 

Telegraph-ის მიხედვით, საფრანგეთი ემხრობა, რომ უკრაინისთვის გადაცემული ნებისმიერი თანხა, უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე მეტად, ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად უნდა იყოს გამოყენებული, რასაც ბლოკის შიგნით მოჰყვა ჩივილი, რომ ეს მიდგომა უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს შეაფერხებს, განსაკუთრებით, რუსეთის საჰაერო იერიშების წინააღმდეგ. 

არსებული გეგმით, უკრაინელი მაღალჩინოსნები შეიარაღების შესყიდვის გეგმებს წარადგენენ, რის შემდეგაც დაიწყება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით გეგმის განხილვა. 

პირველ რიგში ევროკავშირი განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიას აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხოლო ამის შემდეგ დაიწყება ევროკავშირის ფარგლებში პოტენციური მწარმოებლების მოძიება. სისტემის მესამე დონეზე კი ბრიტანეთი იქნება, აშშ კი ბოლო, მეოთხე დონეს დაიკავებს. 

ამის პარალელურად, კოალიციის ქვეყნები ცდილობენ, რომ უკრაინას იარაღის შესყიდვა გაუმარტივონ მესამე დონის ქვეყნებიდან, რომელმაც შესაძლოა, კანადა და სხვა ქვეყნებიც დაფაროს. 

გამოცემის ცნობით, კოალიციაში წამყვან როლს ბალტიისა და სკანდინავიის სახელმწიფოები, ისევე როგორც, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი და ნიდერლანდები თამაშობენ, ხოლო დამატებით რვა სახელმწიფომ, მათ შორის, გერმანიამ, მხარი დაუჭირა ბრიტანეთისთვის უფრო ხელსაყრელ მიდგომას, თუმცა, ისინი კოალიციაში ოფიციალურად არ გაწევრიანებულან.

იტვირთბა....