“დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დაპირისპირებული აზრი აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ისინი ქვეყნის უკეთესს მომავალზე ფიქრობენ და არა იმ ხალხს შორის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დღეს თავს იმართლებენ, თუ რატომ არ შეუძლიათ დებატებში ჩართვა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დებატები საჭიროა და ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს, რადგან საზოგადოების დაყოფის მიზნით უამრავი ფულის ხარჯვა დივერსიის ერთ-ერთი ფორმაა.
„დებატებში ვერ დავსხდებითო“ – ეს მოგონილი მიზეზია. რომ დასხდნენ და ილაპარაკონ, რაზე უნდა ილაპარაკონ, როგორ გადაუარეს ქვეყანას, როცა მართვის ბერკეტი ჰქონდათ ხელში, რა მემკვიდრეობა დატოვეს და როგორ ჩაყარეს ახალგაზრდები იმ მდგომარეობაში, როდესაც კანონს დაუპირისპირდნენ და ქვეყნის მუდმივი რყევა მათ პროფესიად იქცა? რაზე უნდა ისაუბრონ, რომელი დარგის განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებზე თუ საშინაო პოლიტიკაზე? ქვეყანასთან დაპირისპირებული ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ დებატებზე არ დასხდებიან და რაღაც პირობებს აყენებენ. მდგომარეობა მძიმეა და დებატებს იმიტომ ვთავაზობთ, რომ საზოგადოებამ დასკვნები გამოიტანოს. დებატები საჭიროა, ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს, რადგან საზოგადოების დაყოფის იდეამ და ამ მიზნით უამრავი ფულის ხარჯვა დივერსიის ერთ-ერთი ფორმაა. ეს დივერსია საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. ვინც ბოროტება ჩაიდინა, ვის პროფესიადაც ბოროტების ჩადენა იქცა, ის ადამიანები თავს იმართლებენ, „რეჟიმთან“ რა უნდა ვილაპარაკოთო. ეს მაშინ, როცა თავად დამნაშავეთა კლანია, შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ. მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ და რაღაც მიზეზებს იგონებენ. დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დაპირისპირებული აზრი აქვთ, მაგრამ ამავე დროს, ისინი ქვეყნის უკეთესს მომავალზე ფიქრობენ და არა იმ ხალხს შორის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დღეს თავს იმართლებენ, თუ რატომ არ შეუძლიათ დებატებში ჩართვა. მათ უტიფარი ვერსია აქვთ, თითქოს, ისინი არიან დემოკრატიის მცველები და „რეჟიმთან“ საუბარი არ უნდათ. დებატების შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ დებატები არ არსებობდა, ეს იყო ტოქსიკური გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყვიროდნენ და ვისაც უფრო მაღალი ხმა ჰქონდა, ეგონა, რომ თავისი პროპაგანდით საზოგადოებაზე უფრო მეტ გავლენას მოახდენდა. სწორედ ამიტომ შეწყდა. როცა დებატების გახსნაზე ვსაუბრობთ, იგივე ტოქსიკურ გარემოში დაბრუნებას არ გულისხმობს. სტრატეგიული გეგმა ტოქსიკური გარემოს შექმნაა, რასაც მაშინ მიაღწიეს. დებატების თაობაზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, მაგრამ არ ვგულისხმობთ, რომ იგივე ტოქსიკურ გარემოში უნდა დავბრუნდეთ. ის, რომ დებატებში არ შემოდიან, ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები, რომელთაც ხელი სისხლში აქვთ და მომავალშიც ამ სისხლზე ფიქრობენ, დებატებში ვერ დასხდებიან,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

