ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა ოფიციალური პირები სიცრუეში დაადანაშაულა და ამერიკელებს დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდა. ეს განცხადება კლინტონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტმა 37 წლის ალექს პრეტი მოკლა.
“ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, იძულებით აძევებენ საკუთარი სახლებიდან. მშვიდობიან დემონსტრანტებს და მოქალაქეებს, რომლებიც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ სამართალდამცველების ქმედებების დაკვირვებისა და დოკუმენტირების მიზნით, აკავებენ, სცემენ, ხოლო რენე გუდისა და ალექს პრეტის შემთხვევაში – კლავენ“ – განაცხადა კლინტონმა.
ცნობისთვის ალექს პრეტის დაღუპვის შემდეგ, რომელიც საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის ოპერაციის დროს სროლის შედეგად გარდაიცვალა, მინესოტაში საპროტესტო აქციები განახლდა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ სროლა თავდაცვის მიზნით მოხდა, თუმცა ეს ვერსია ბევრი მოქალაქისთვის საეჭვოა.

