რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გამოცემა “Коммерсант”-თან ინტერვიუში სახელმწიფოსთვის ატომური იარაღის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კაცობრიობას ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისთვის ატომურ იარაღზე უკეთესი რამ არ მოუფიქრებია.
გამოცემასთან საუბრისას მედვედევმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში არსებული არასტაბილურობა და მრავალი განხეთქილება ქვეყნებს საუკეთესო თავდაცვის საშუალებების მოძიებას აიძულებს.
ამიტომ, მისი თქმით, სამომავლოდ ბირთვული იარაღის კლუბის წევრი ქვეყნების რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
“გულწრფელად რომ ვთქვათ, საკუთარი სახელმწიფოს დაცვის სხვა გარანტირებული მეთოდი კაცობრიობას ჯერ არ გამოუგონებია.” – თქვა მედვედევმა.

