ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან, ხელი მოვაწერე ამ პარტიების აკრძალვას, მათ არ მივიჩნევ ლეგიტიმურად – აღნიშნულის შესახებ ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მედიასივრცის პოლარიზაცია ნიკა გვარამიას და იმ რადიკალური ოპოზიციის დამსახურებაა, ვინც ყველაფერი გააკეთეს, რომ წარმოუდგენელი გამხდარიყო ჩვენს ოპონენტებთან მედიასივრცეში ერთად ყოფნა. ეს მუდმივად გადადიოდა შეურაცხყოფაში, დაპირისპირებაში. ფაქტობრივად, დებატის მხარეს, ჩვენს მხარეს, არავითარი საშუალება აღარ იყო, რომ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. ეს იყო ალბათ, მათი პოლიტექსპერტების რჩევა, რომ მაქსიმალური გაკეთებინათ, პოლარიზაცია მომხდარიყო როგორც მედიაში, ისე გარე სივრცეში, რათა პატარა შედეგი მაინც ჰქონოდათ. მათი მოლოდინი იყო, რომ ამით გარდამტეხ შედეგს მიიღებდნენ საკუთარი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, თუმცა ვხედავთ, რომ თავად რადიკალური ოპოზიცია გარდატყდა. ახლა, როდესაც ჩვენ უკვე მაქსიმალურად უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენი ამომრჩევლის ბოლომდე ინფორმირებაზე და როდესაც რადიკალური ოპოზიციის ფაქტორი უკვე ნაკლებად არსებობს, დებატების აღდგენასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კარგი მოლოდინის მატარებელია.
ჩემთვის, ალბათ, არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. ეს ჩემთვის იქნება ერთ-ერთი პირობა, რომელსაც დებატებში მონაწილეობის დროს ვიტყვი, თუმცა ჩვენი მთლიანად პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო საზოგადოებისთვის. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ. ვიცით, რომ ასეთი ეთერებისთვის, ალბათ, ძალიან ბევრს გადაიხდიდნენ ის პარტიული ტელევიზიები, რადიკალები, ვინც ამგვარ ეთერებს აწყობენ. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სტანდარტის და ეთიკის ფარგლებში მოხდეს დებატების აღდგენა და ჩვენი გუნდი მუშაობს ამ პრინციპებზე, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, თუმცა იყო თუ არა თავის დროზე შეცდომა, რომ ჩვენ თავადვე ვიყავით ამის მონაწილე, რომ უკვე დებატები აღარ იმართებოდა, მე ვიტყვი, რომ ჩვენ მაშინ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომ მათივე მოფიქრებულ ავანტიურაში და არასწორ კამპანიაში არ მივიღეთ მონაწილეობა. მათი მიზანი იყო, რომ მედიის მეშვეობით, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მეშვეობით, მაქსიმალური დაპირისპირება დაეორგანიზებინათ. რეალურად, მთელი ეს დაპირისპირება საზოგადოებას, პოლიტიკოსებს შორის არის კარგად დაგეგმილი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი რადიკალი ოპონენტები ახორციელებდნენ,“ – განაცხადა წილოსანმა.

