ბ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტი 100%-ით მზადაა ხელმოსაწერად.
“ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები პირველ ადგილზეა. ეს არის ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები შეერთებული შტატების მხრიდან. დოკუმენტი 100%-ით მზადაა. ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან დადასტურებას მისი ხელმოწერის თარიღისა და ადგილის შესახებ.
უკრაინის მეორე უსაფრთხოების გარანტიაა ევროპული უსაფრთხოების გარანტიები, „მსურველთა კოალიცია“ და რაც მთავარია, ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ჩვენ გვინდა 2027 წელი. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ თარიღზე, როდესაც უკრაინა მზად იქნება“ – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება ყველა კლასტერის გასახსნელად 2026 წლის პირველ ნახევარში და სრულად მზად იქნება „ტექნიკურ დონეზე“ გაწევრიანებისთვის 2027 წელს.
„ჩვენ გვსურს ჩვენს შეთანხმებაში კონკრეტული თარიღის მითითება, რათა შემდეგ ეს შეთანხმებები დაიცვას ყველა მხარემ, მათ შორის აგრესორმა, რომელიც ხელს მოაწერს 20-პუნქტიან გეგმას, თუ ეს დრო დადგება, რათა შემდეგ ვერავინ შეძლოს ჩვენი დაბლოკვა“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

