აშშ-ს ომის დეპარტამენტი ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგიის დოკუმენტს აქვეყნებს.
“მოსკოვი არ არის იმ პოზიციაში, რომ ევროპულ ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდეს. ევროპული NATO რუსეთს ეკონომიკური მასშტაბით, მოსახლეობის რაოდენობით და შესაბამისად, პოტენციური სამხედრო ძალით მნიშვნელოვნად აღემატება” – წერს აშშ-ს ომის დეპარტამენტი ეროვნული თავდაცვის ახალ სტრატეგიაში.
დოკუმენტში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ რუსეთი NATO-ს აღმოსავლური ფლანგის ქვეყნებისთვის “ხანგრძლივი, თუმცა მართვადი საფრთხეა”.
“საბედნიეროდ, ჩვენი მოკავშირეები NATO-ში რუსეთზე არსებითად ძლიერები არიან – შედარების გაკეთებაც კი შეუძლებელია. მხოლოდ გერმანიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთისას” – ნათქვამია დოკუმენტში.
ომის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ევროპულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის უდიდესი წილი ევროპამ უნდა აიღოს.
“შესაბამისად, [ევროპაში] მშვიდობის უზრუნველყოფა და მისი მდგრადობის შენარჩუნება NATO-ში ჩვენი მოკავშირეების ლიდერობასა და ძალისხმევას მოითხოვს” – წერია დოკუმენტში.

