ირანი ევროკავშირს ომში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს, – ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე, ისმაელ ბაღაიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირის გულგრილობა აშშ-ისა და ისრაელის აგრესიის, სისასტიკისა და დანაშაულების ფონზე სხვა არაფერია, თუ არა თანამონაწილეობა“, – განაცხადა ბაღაიმ.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, სიტუაციას „მსოფლიო აკვირდება“.
ბაღაიმ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო, სადაც ბელგიელი მემარცხენე ევროპარლამენტარი მარკ ბოტენგა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერების ნაწილი არ გმობს, ზოგიერთი კი მხარსაც უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ ომს.
„თქვენგან უმეტესობა არა მხოლოდ არ გმობს, არამედ მხარსაც უჭერს ტრამპისა და ნეთანიაჰუს ომს ირანის წინააღმდეგ. თქვენს ბომბებს არასდროს მოუტანია დემოკრატია და არც მომავალში მოიტანს“, – განაცხადა ბოტენგამ.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროკავშირის ლიდერებს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ.
მაგალითად, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის შესაძლო დამხობის გამო „ცრემლები არ უნდა დაიღვაროს“, ანტონიუ კოშტამ კი აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობა კიდევ უფრო გააძლიეროს.
როგორც გამოცემა წერს, ევროპაში სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოსად ესპანეთი სახელდება. ამ საკითხში განსხვავებული პოზიცია აქვთ გერმანიას, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს.

