დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა მათთვის იმის გამო, რომ სანამ პოლიტიკოსები საპატიმროში არიან, ისინი აქ, რუსთაველზე დგანან და მიუხედავად ამ წნეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე, აქციის მისვლის შემდეგ განუცხადა.
ვაშაძის თქმით, ის საპატიმროდან ოპტიმისტური განწყობით გამოვიდა.
„პირველ რიგში, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ არის და მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მედგრად იბრძვიან. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის, თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. არანაირ სამართლებრივ ნორმაში, არც სამართლიანობაში არ ჯდება ის, რომ ადამიანი ტროტუარზე დგას და ხუთი დღით ციხეში გაუშვა ამისთვის. აღარაფერს ვამბობ იმ გრძელვადიან პატიმრობებზე, რაც არის მისჯილი.
თავისუფლებისთვის ბრძოლის ჟინი იმდენად ძლიერია, ბევრი საუბარია ერთიანობაზე და მთავარია, რომ საერთო მიზანი გვაქვს. ეს მიზანი არის სამართლიანობა, თავისუფლება, ევროკავშირში გაწევრიანება, განვითარებულ ქვეყნებთან ერთად ყოფნა. ეს საერთო მიზანი რომ გვაქვს, რატომ არ შეიძლება, ორგანიზაციულადაც გავერთიანდეთ?
ძალიან ოპტიმისტური განწყობით გამოვედი. ის სიმტკიცე, ის გამძლეობა, ის თავისუფლება, რასაც ასხივებს ციხეში მყოფი რეჟიმის პატიმარი, ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიურია.
დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ სხვანაირად არ შემეძლო, უნდა შევხვედროდი ადამიანებს და მადლობა მეთქვა მათთვის იმის გამო, რომ სანამ ჩვენ საპატიმროში ვიყავით, აქ, რუსთაველზე დგანან და მიუხედავად ამ წნეხისა, ასე მედგრად და ასე პატრიოტულად იცავენ სამშობლოს, რომელიც ასე უყვართ. მადლობა კი არა, პატივისცემა მინდოდა გამომეხატა. მინდა, რომ უფრო მეტად მოვუსმინო ადამიანებს. ამდენი ხანი ჩუმად არასდროს არ ვყოფილვარ, მარტო ვიყავი საკანში და ვერავის ველაპარაკებოდი”, – განაცხადა ვაშაძემ.

