დონალდ ტრამპის ვარაუდმა, რომ აშშ-ს შეეძლო გრენლანდიის ძალის გამოყენებით დაკავება, ნათლად აჩვენა ის სტრატეგიული იზოლაცია, რომელიც მისმა ადმინისტრაციამ აირჩია ქვეყნის ვალდებულებების უგულებელყოფის ხარჯზე – მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა დავოსში ამ იდეაზე უარი თქვა, აშშ-ის სანდოობისთვის მიყენებული ზიანი მაინც მნიშვნელოვანია, – წერს ფრანგული გაზეთი Le Monde სტატიაში სათაურით „აშშ-სა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის უნდობლობის ეპოქა იწყება“.
„შეიძლება წარმოვიდგინოთ მოკლე ჩანაწერი გეოპოლიტიკურ ლექსიკონში: „ამერიკის შეერთებული შტატები (1944-2025): გლობალური სახელმწიფო და დასავლური ბლოკის ლიდერი, რომელიც ეყრდნობოდა დოლარს, შეუდარებელ ეკონომიკას, უბადლო სამხედრო ძალასა და ლიბერალური ღირებულებების სახელით გავრცელებულ გავლენას“. ეს იყო ის ტერმინები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ამერიკის დიდებას, მიუხედავად ეპიზოდური კრიზისებისა — ვიეტნამის ომიდან დაწყებული, ავღანეთისა და ერაყის კონფლიქტებით დამთავრებული. „ამერიკული გამორჩეულობა“ არასოდეს ყოფილა რეალობა, თუმცა მისი უბრალო ხსენებაც კი პოლიტიკურ ჰორიზონტად და გამაერთიანებელ სიმბოლოდ გვევლინებოდა“, – წერს სტატიის ავტორი.
„დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებითა და იმ მასშტაბური ტრანსფორმაციით, რომელსაც ის ახორციელებს – რაც ხაზგასმით აღინიშნა დავოსის კონფერენციაზე – ამ დეფინიციის ზოგიერთი ელემენტი კვლავ ხელუხლებელი რჩება. დოლარის სიძლიერე, აშშ-ის შიდა ბაზარი, ქვეყნის ინოვაციური პოტენციალი და მისი სამხედრო ძლიერება კვლავ ნარჩუნდება, მიუხედავად ჩინეთის, როგორც მთავარი მეტოქის, აღზევებისა. თუმცა, ამერიკამ დაკარგა ორი არსებითი კომპონენტი: გლობალური გავლენა, რომელსაც ოდესღაც ნაწილობრივ ამჟამად დაშლილი განვითარების სააგენტო USAID-ი უზრუნველყოფდა, და რაც მთავარია – ნდობა, რომელსაც მისი სიტყვა აღძრავდა“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „ნდობა ძვირფასი ვალუტაა. მისი ერთხელ გაფლანგვის შემდეგ, უკან დაბრუნება ძალიან რთულია. ის არის თანამშრომლობის, პროდუქტიული დიპლომატიური დიალოგისა და სადაზვერვო სამსახურებს შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლის საფუძველი“.
„ტრამპი მას [ნდობას] აგდებულად ეპყრობა. მას მხოლოდ ტარიფების ძალის, საწვავისა და იშვიათი წიაღისეულის მოპოვების, ასევე აშშ-ის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების დამაშინებელი უპირატესობის სჯერა. მისთვის აღარ არსებობენ ჭეშმარიტი მოკავშირეები, რადგან პარტნიორებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი ძალიან დიდხანს ბოროტად სარგებლობდნენ ამერიკული კეთილი ნებით და მის ხარჯზე ცხოვრობდნენ. არსებობენ მხოლოდ მეტოქეები, ქვეყნები კი ან მორჩილნი არიან, ან ურჩნი“, – აღნიშნავს Le Monde.
„ნდობის დაკარგვა სანდოობის საკითხია. გრენლანდიასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ეპიზოდმა გამოააშკარავა აშშ-ის მიერ არჩეული სტრატეგიული სიმარტოვე, რაც პირდაპირი შედეგია მოქმედი ადმინისტრაციის მეთოდებისა და მისი მიდრეკილებისა უხეში ძალისა და ვალდებულებებზე უარის თქმისკენ. დავოსში ევროპელებმა ნამდვილად შვებით ამოისუნთქეს, როდესაც ტრამპმა გრენლანდიის ძალის გამოყენებით დაკავების იდეა უკან წაიღო. თუმცა, ზიანი უკვე მიყენებული იყო“, – დასძინა სტატიის ავტორმა.

