რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს თბილისთან პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები, თუმცა, “შეინიშნება ქვეყნებს შორის დადებითი ეკონომიკური ტენდენციები და მოსკოვი საქართველოსთან პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას ცდილობს”.
“საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხვდება, რომ ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობასა და დიალოგშია.
საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას ზახაროვამ აღნიშნა, რომ “სამართლიანობამ იზეიმა, ბოროტება და შავ-ბნელი უწმინდურობა დამარცხდა კეთილი ნებითა და კეთილი ზრახვებით”. ამასთან, მისი თქმით, “რუსეთი და დსთ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და რომ ჯერჯერობით ეს არის უალტერნატივო ბაზარი”.
ამავდროულად, ზახაროვას თქმით, საქართველოში გაზრდილია რუსი ტურისტების რაოდენობაც – “შარშან 11%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონს მიაღწია”.
ზახაროვას თქმით, ქართული ოცნება “დასავლეთის წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, იცავს ეროვნულ ინტერესებს და უარს ამბობს უკრაინისა და მოლდოვის სცენარებზე”.
“გარე ძალების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, მათ არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან, რომლის წყალობითაც რესპუბლიკა აჩვენებს მშპ-ისა და მოქალაქეთა შემოსავლების რეკორდულ ზრდას”. – თქვა ზახაროვამ.
გარდა ამისა, ზახაროვამ აღნიშნა, რომ “თბილისში იწყებენ იმის გაცნობიერება, თუ რამდენად უსაფუძვლოა NATO-ში შესვლასთან დაკავშირებული იმედები და რამდენად ყალბია ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში “ოქროს მთების” დაპირებები”.
“რუსეთი დაინტერესებულია სუვერენული და დამოუკიდებელი საქართველოთი, რომელიც არ გახდება სათამაშო სხვების ხელში”. – დაამატა ზახაროვამ.

