ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკრაინის ოპოზიციური ფრაქცია ბატკავშჩინას ლიდერის, კორუფციის საქმეზე ბრალდებული იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და წერს, რომ ითხოვენ “გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს”.
“ჩვენს პარტიას ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს იულია ტიმოშენკოსთან, რომელიც უკრაინის დიდი პატრიოტი და ძალზე ცნობილი საერთაშორისო ფიგურაა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, მას უსამართლოდ მოეპყრონ და მოვითხოვთ გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს.
დარწმუნებულები ვართ, რომ ის გამართლდება და გააგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინელთა კეთილდღეობაში. ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უკრაინას ესაჭიროება, რომ ის თავისუფალი და დაცული იყოს” – წერია განცხადებაში.
16 იანვარს უკრაინის სასამართლომ კორუფციის საქმეში ბრალდებული ოპოზიციური ფრაქცია ბატკავშჩინას ლიდერი, იულია ტიმოშენკო 762 000-დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
65 წლის პოლიტიკოსს პარალელურად ჩამოერთვა პასპორტი და დედაქალაქის დატოვება აეკრძალა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ტიმოშენკო კორუფციის საქმეში ეჭვმიტანილად ცნეს.
გამოცემა Українська правда, წერს, რომ ამ ეტაპზე ოფიციალური პირებისგან სხვა დეტალები უცნობია და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით გამოცემა Суспільне-მ, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) პრესსპიკერზე, ოლგა პოსტოლიუკზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ SAPO-მ ტიმოშენკოს ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით წარუდგინა.
“ეს თანამდებობის პირებისთვის უკანონო სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს – იგულისხმება უკრაინის სახალხო [რადის] დეპუტატი” – განაცხადა პოსტოლიუკმა.

