აშშ-ის მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესის დასრულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არ გადაუხდია საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართ დაგროვილი დავალიანება, რაც 260 მილიონ დოლარს აღწევს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის მიზეზად აშშ-ის ადმინისტრაციამ ორგანიზაციის მხრიდან „კოვიდ-19“-ის პანდემიაზე არასათანადო რეაგირება დაასახელა. მიზეზებად ასევე დასახელდა ორგანიზაციის უუნარობა, გაატაროს საჭირო რეფორმები. ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს არამართლზომიერი პოლიტიკური გავლენები ჰქონდათ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განკარგულებას ხელი 2025 წლის 20 იანვარს მოაწერა. ეს მისი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პირველივე დღეს მოხდა. აშშ-ის კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ეს პროცესი ერთი წლის შემდეგ დასრულდა. წესების მიხედვით, ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ წევრმა ქვეყანამ 12 თვით ადრე უნდა განაცხადოს. ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, კანონის მიხედვით, ქვეყანამ უნდა დაფაროს ყველა არსებული დავალიანებაც, თუმცა აშშ-ის ხელისუფლებას ეს არ გაუკეთებია.
„ამერიკელმა ხალხმა საკმარისზე მეტი გადაიხადა“, – განაცხადა ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმსხვილესი სპონსორი იყო და მისი წვლილი ორგანიზაციის საერთო დაფინანსების 18%-ს შეადგენდა. აშშ-ის გასვლის ფონზე ორგანიზაციაში თანამშრომლები ერთი მეოთხედით შეამცირეს.

