ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საია-ს საკმარისზე მეტი მტკიცებულება ექნება, რომ ამ საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება გამოვიდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში საიას მიერ შეტანილ საჩივარზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, კარგი იქნება, ევროპულმა სასამართლომაც დაადასტუროს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობა დაცული არ იყო.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სხვადასხვა ტიპის დარღვევების მთელი კომპლექსი და ბუკეტი იყო, არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამდე მანამდეც. რაც შეეხება ფარულობის დარღვევას, რა თქმა უნდა, ეს იყო არჩევნების გაყალბების არა ძირითადი და გადამწყვეტი მექანიზმი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც არჩევნების ფარულობას ეჭვქვეშ აყენებდა. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საია-ს საკმარისზე მეტი მტკიცებულება ექნება, რომ ამ საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება გამოვიდეს და ევროპულმა სასამართლომაც დაადასტუროს, რომ 2024 წლის არჩევნებზე ფარულობა დაცული არ იყო. ჩვენ როდესაც ხელახალ არჩევნებს ვითხოვდით, ცხადია, ამიტომ ვითხოვდით, რომ ეს არჩევნები არც სამართლიანად და არც თავისუფალ გარემოში ჩატარებულ არჩევნებად მიგვაჩნდა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.

