აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეცდომით აურია ბელგია ბელარუსთან და ბელგია იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლებიც „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას მიიღებდნენ.
როგორც ბელგიური მაუწყებელი VRT იტყობინება, შეცდომა დავოსში გამართული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მოხდა.
ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრიუსელი ამ ამერიკულ ინიციატივას არ შეერთებია. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:
„ბელგიას „მშვიდობის საბჭოს“ ქარტიაზე არ მოუწერია ხელი. ეს განცხადება არასწორია. ჩვენ ვისწრაფვით ერთობლივი და კოორდინირებული ევროპული პასუხისკენ და, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანას, ამ წინადადების მიმართ გარკვეული შეზღუდვები გვაქვს“.
აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, რომელიც „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის შეთანხმების ხელმოწერამდე გასაჯაროვდა, ჩამოთვლილი იყვნენ: ბაჰრეინი, მაროკო, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, პარაგვაი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, ინდონეზია, კოსოვო, მონღოლეთი და პაკისტანი.

