მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევა არ მიუღია.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფასებს მშვიდობის ხელშეწყობის ნებისმიერ გულწრფელ ძალისხმევას, თუმცა, ამავდროულად, ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობას.
„მოწვევა არ მიმიღია. ჩემი აზრი ამ „მშვიდობის საბჭოს“ შესახებ არის ის, რომ რა თქმა უნდა, ვაფასებ მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ ნებისმიერ გულწრფელ ძალისხმევას, მაგრამ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო სამართალი და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. ვიმედოვნებ, რომ ეს გათვალისწინებული იქნება“, – განაცხადა სანდუმ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა “მშვიდობის საბჭოს“ წესდებას. ხელმოწერის ცერემონიალი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, დავოსში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლები. ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
როგორც დონალდ ტრამპმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, „მშვიდობის საბჭო“ ითანამშრომლებს მრავალ სხვა ორგანიზაციასთან, მათ შორის გაერო-სთან.

