მოქალაქეებს სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომის ფაქტზე 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
სანდრო მეგრელიშვილის უფლებადამცველის ირაკლი აბესაძის განმარტებით, გადაწყვეტილება „პაპუაშვილის პარლამენტის სულელური კანონიდან გამომდინარეობს, როცა ცდილობენ ადამიანებს ძალმომრეობით გაუსწორდნენ“.
აბესაძის თქმით, საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება.
როგორც აბესაძე აცხადებს, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ადამიანი ტროტუარზე მშვიდად იდგა.
„კობახიძე-პაპუაშვილის სულელურ კანონს აბსოლუტურად კომიკური განმარტება მოაყოლა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის მოსამართლე მაკარიძემ – ანუ თუ თქვენ ტროტუარზე დგახართ, სვამთ ლუდს, მიირთმევთ მზესუმზირას და ჭორაობთ მეზობლის ცხოვრებაზე ან საუბრობთ ივანიშვილის ზებრებზე ან თუნდაც ფეხბურთზე – თქვენ კანონს არ არღვევთ. მაგრამ თუ თქვენ ტროტუარზე დგახართ, გიჭირავთ საქართველოს დროშა და მსჯელობთ ქვეყნის უკეთეს მომავალზე, საქართველოს განვითარების გზებზე – თქვენ უხეში კანონდამრღვევი ხართ და საპატიმროშია თქვენი ადგილი 15 დღემდე ვადით. თუ გაბედეთ და კიდე ერთხელ იმსჯელეთ სამშობლოს ბედზე ტროტუარზე, მაშინ ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და თქვენ 1 წლამდე პატიმრობა გემუქრებათ.
სანდრო მეგრელიშვილი ამისთვის მზად იყო – აი, ამ რეჟიმის მონა მსახურები რას აპირებენ მომავალში, ეს აღარ ვიცი“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

