სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განმარტავდა, რომ მისი და მასთან ერთად დაკავებულების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის მოტივი მიმალვის საფრთხე, ხელახლა დანაშაულის ჩადენა და მტკიცებულებების განადგურება იყო.
ირაკლი ნადირაძემ განმარტა, რატომ არ არსებობდა ამ სამი მოტივიდან არცერთის საფრთხე.
მისი თქმით, ის თავს დამნაშავედ არ თვლის და არცერთი სიტყვა არ მიაქვს უკან.
სამი მოტივი იყო: პირველი, მიმალვას რომ არ ვაპირებ ეს ისედაც გასაგებია, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდი, რომ მაკავებდნენ არ მივმალულვარ და არც ახლა არ ვაპირებ დამალვას.
მეორე, ხელახლა დანაშაულის ჩადენაზე საერთოდ აბსურდია საუბარი. საჯარო სამსახურშიც ვიყავი ბევრი წელი, საზოგადოებაშიც მიცხოვრია, არცერთი დანაშაული არასდროს არ ჩამიდენია და არც შემჩნეული არ ვყოფილვარ.
მესამე, მტკიცებულებების განადგურებაზე საერთოდ აბსურდია საუბარი. რატომ უნდა გავანადგურო მაშინ, როდესაც ჩემ ყველა ნათქვამ განცხადებას, წინადადებას, ყველა სიტყვას, რაც იყო საქმეში ჩადებული ამ წუთასაც ყველა განცხადებაზე ხელს მოვაწერ და არცერთი განცხადება, არცერთი წინადადება, არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს იმიტომ, რომ ჩემი, პოლიტიკოსის განცხადებები, მოწოდებები არც კანონს გასცდენია და არც კონსტიტუციურად გამოხატვის ჩემ უფლებასა და თავისუფლებას.
გავა დრო და ისტორია შეაფასებს, ვინ ვიყავით მართლები, ვინ ვიყავით ის ადამიანები ვინც ვიბრძოდით, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის მიერ გამოტანებული მილიარდებით ამ ქვეყანას აქცევდა.
თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ბრძოლა ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი არის პატრიოტი ადამიანი, მართალი ადამიანი და რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოგვისაჯოს სასამართლომ, ამ ადამიანზე ისტორია იტყვის, რომ ესენი იყვნენ მართალი ადამიანები,” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი უკვე დასრულდა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

