გახარია-საქართველოსთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით გააკეთა. პარტიის დეპუტატის, გიორგი შარაშიძის თქმით, საქართველო რეგიონში საკუთარ ადგილს კარგავს.
“ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ოცნების იზოლაციონისტურმა და ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, შედეგი გამოიღო.
საქართველო კარგავს საკუთარ ადგილსა და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში. მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანი გონივრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით ცდილობენ, მაქსიმალურად ისარგებლონ სწრაფად ცვალებადი გლობალური პოლიტიკური პროცესებით და საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებით მოქმედებენ, ამ დროს, საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს რეჟიმს, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და ამავე დროს, ღია კოლაბორაციაშია შესული საქართველოს მთავარ მტერთან და ოკუპანტთან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას”. – თქვა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ახლო მომავალში, საქართველოს დერეფნით ტვირთების გადაზიდვა სომხეთის დერეფანზე გადაინაცვლებს. ამის შესახებ მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, სადაც საქართველო არც წელს მიუწვევიათ.

