სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა და დარბაზში მყოფ შვილს დაბადების დღე მიულოცა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 4 ოქტომბერს ოფისთან მედიასთან ჩასაწერად მივიდა. ხოლო გადაცემაში მისი ნათქვამი “ძალა ხალხშია” დანაშაულებრივი სიტყვები არ არის.
პირველ რიგში ჩემი შვილია აქ, მისი დაბადების დღეა, ვულოცავ. რაც შეეხება საქმეს, სამართლებრივი საკითხია და იურისტებისთვის უფრო მარტივი გასაგები იქნება, სულ რომ ადამიანმა თქვას ორგანიზატორი ვარო, ესეც კი არ ნიშნავს აპრიორი ამას. იმ კონკრეტულ დღეს ოფისთან იმიტომ მივედი, რომ მედიამ მთხოვა ჯგუფები არ გვყავს და იქ ჩაგვეწერეო. ადგილზე 15 წუთით გვიან რომ მივსულიყავი იმ ფოტოსაც ვერ გადავიღებდი. გადაცემაში, რომ ვთქვი, ძალა ხალხშიათქო, ამაში დანაშაულებრივი რა არის? არჩევნების გაყალბების შემდეგ ყველა გადაცემაში ვამბობდი რომ ხელისუფლების წყარო ხალხია,” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, თორნიკე მჭედლიშვილის, ნიკა გვენცაძის, ირაკლი ჩხვირკიას, ირაკლი შაიშმელაშვილის და გური ჟვანიას პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პირები, რომლებმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარეს. ამასთან, განიხილეს ვიდეო-ჩანაწერები. ამ დროისთვის კი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

