რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და ის ერთ საკითხამდე დავიყვანეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უკრაინის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს თემა ერთ საკითხამდე დავიყვანეთ და ამ საკითხის მოგვარების ვარიანტები განვიხილეთ. თუ ამ საკითხის მოგვარება ორივე მხარეს სურს, მაშინ ამას სრულად მოვაგვარებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.
უიტკოფმა დაადასტურა, რომ დღეს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზნით მიფრინავს.
„მოსკოვის შემდეგ აბუ-დაბიში მივემგზავრებით. ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან იქ სამუშაო ჯგუფები სამხედრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმუშავებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

