აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომში ვლადიმირ პუტინი ვერ გაიმარჯვებს და დაამატა, რომ ზამთრის გაძლების შემთხვევაში უპირატესობა უკრაინის მხარეს იქნება.
“რუსეთი ამ ომში ვერ იმარჯვებს. გამარჯვების განმარტება მისთვის [პუტინისთვის] და ჩემთვის ძალზე განსხვავდება. ის წინსვლას მეტრებში ზომავს და არა – მილებში.” – ამბობს კელოგი.
კელოგის თქმით, “ახლა პუტინს არ უნდა, რომ ნიკოლოზ II გახდეს, რუსეთის უკანასკნელი ცარი, და მან რუსეთი იმდენად გაწირა, იმდენი ტკივილი მიაყენა, რომ ვფიქრობ, ამ ომიდან კარგი გამოსავლის პოვნას ცდილობს, ვინაიდან იცის, რომ ამ ომში ვერ გაიმარჯვებს”.
“მესმის, რომ მკაცრი ზამთარია, ვიცი, რაც ხდება კიევში და გასაგებია ტემპერატურაც, მაგრამ მართლა მჯერა, რომ თუ უკრაინა ამ ზამთარს გაუძლებს, იანვარ-თებერვალს, და მარტ-აპრილამდე მივა, უპირატესობა უკრაინის მხარეს იქნება.” – დაამატა მან.
ამასთანავე, კელოგმა აღნიშნა, რომ მისი აზრით სამშვიდობო მოლაპარაკებებში “პროგრესის შემაფერხებელი პუტინია და არა – უკრაინა”.

