საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 19 იანვარს ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, რევაზ ლომინაძე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის კოორდინატორის რანგში, ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ ალექსანდერ იანეს დელეუსს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრა ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივი მისიის თხოვნით გამართა.
“ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ისაუბრა ვენესუელაში მიმდინარე პროცესებზე. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გამოთქვა იმედი, რომ მათი შემდგომი პროცესები ვენესუელის ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართება.
ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვენესუელის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ ვენესუელაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ხელს შეუწყობს აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების გადახედვასა და გაუქმებას, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, 3 იანვარს ვენესუელაში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-მ ნიკოლას მადურო და მისი ცოლი, სილია ფლორესი, დააკავა და ავიამზიდ USS Iwo Jima-ს მეშვეობით ნიუ-იორკში გადაიყვანა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მადუროსა და მისი მეუღლის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა.

