რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადებით, სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მთლიანად საგარეო დაფინანსებაზეა დამოკიდებული.
„არსებითად, მოლდოვას სოციალურ-ეკონომიკური სექტორი ახლა მთლიანად დამოკიდებულია საგარეო, პირველ რიგში, ევროკავშირის დაფინანსებაზე. ქვეყანა ევროკავშირის სესხებზე ზის“ – აღნიშნულია ზახაროვას წერილობით კომენტარში, რომლითაც ის მოლდოვას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გასვლის პროცესის დაწყებას ეხმაურება.
მისი მტკიცებით, კიშინიოვის „დესტრუქციული პოლიტიკით“, პირველ რიგში, მოლდოვას მოსახლეობა ზიანდება.
„მათი ინტერესები ბრიუსელის გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს ეწირება. ამ ანტისახალხო კურსის შედეგები უკვე თვალსაჩინოა: ოდესღაც აყვავებული მოლდოვა უკანონობისა და სიღარიბის ქვეყანა ხდება“- აღნიშნულია ზახაროვას კომენტარში.
შეგახსენებთ, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ ქვეყანამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო.

