მხოლოდ ერთ დღეს თეირანში 100 ადამიანი დაიღუპა – სამართლიანი პროტესტი აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, თუმცა როდესაც პროტესტი რადიკალურ ფორმებს იღებს და ხდება დესტრუქციული, ამაზე უკვე სახელმწიფოს, ბუნებრივია, ექნება რეაქცია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოჯანიმ საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც ელჩმა განმარტა, პროტესტმა, რომელიც თავდაპირველად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, გარე აქტორების განცხადებების შემდეგ რადიკალური ხასიათი მიიღო. დიპლომატმა პარალელი საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე აქციებთან გაავლო და აღნიშნა, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში აქცია მშვიდობიანი ხასიათის იყო, პროტესტი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ ჰქონია ადგილი.
„ირანის კონსტიტუციის 27-ე მუხლში განმარტებულია, რომ ყველა მოქალაქეს აქვს პროტესტის და თავისუფალი შეკრების უფლება, მხოლოდ იმ პირობით თუ ამ საპროტესტო აქციის დროს არ იქნება გამოყენებული იარაღი და ეს საპროტესტო აქცია საფრთხეს არ შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. ირანის მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ მოეხსნა ვალუტის პრეფერენცირებული კურსი იმისთვის, რომ უფრო გაძლიერებულიყო კორუფციასთან ბრძოლა, გარკვეული პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში. შესაბამისად, პროფკავშირებმა და სინდიკატებმა დააანონსეს აქციები და გაფიცვები. თუმცა, მიუხედავად გაფიცვების დაანონსებისა, სინდიკატებისა და პროფკავშირების ხელმძღვანელები მუდმივ დიალოგში იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ერთ-ერთი ასეთი დიალოგი შედგა ირანის პრეზიდენტთან. პროტესტი ცივილურად მიმდინარეობდა, თუმცა უკვე მერვე დღეს, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებმა და უცხო აქტორებმა გამოხატეს თავიანთი პოზიცია, ეს პროტესტი გასცდა ცივილურ ფორმას და უფრო რადიკალური ფორმები მიიღო. სამართლიანი პროტესტი აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, თუმცა როდესაც პროტესტი რადიკალურ ფორმებს იღებს და ხდება დესტრუქციული ქმედებები, ქონების დაწვა, როგორც კერძო პირების, ასევე სახელმწიფო ქონების გადაწვა, ამაზე უკვე სახელმწიფოს, ბუნებრივია, ექნება რეაქცია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი. ბოლო პერიოდში საპროტესტო გამოსვლები რაც ვიხილეთ ირანში, სრულიად განსხვავებულია თავისი მოწოდებებით, რომელიც ძირითადად მოდიოდა უცხო ქვეყნებიდან. ერთ-ერთი მთავარი მოწოდება იყო სახელმწიფო შენობებსა და უწყებებზე თავდასხმები, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დაუმორჩილებლობა, მაშველების მუშაობის შეფერხება, სხვადასხვა ობიექტზე თავდასხმა, ცეცხლის წაკიდება. საქართველოშიც ჩვენ ვხედავთ, რომ წელიწადზე მეტია საპროტესტო აქციები მიმდინარეობს და როდესაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მშვიდობიანად, არანაირი ძალა პროტესტანტების მიმართ არ არის გამოყენებული. ირანშიც საპროტესტო აქციების მეცხრე და მეათე დღეს უკვე ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მეცხრე და მეათე დღეს ჩვენ ვნახეთ, როგორ აღმოჩნდნენ პროტესტანტთა შორის ადამიანები, რომელთაც სახეები ჰქონდათ დაფარული და გადაადგილდებოდნენ იარაღით და პირდაპირ დამიზნებით ესროდნენ ხალხს. ასევე, დაიწყო მათ მხრიდან როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ობიექტებზე თავდასხმა. ამ პიროვნებებმა, რომელთა იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხდა, პროტესტანტების მიმართ გამოიყენეს როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ცივი იარაღი. გარე ძალის მხრიდან, რომელიც ხელმძღვანელობდა საპროტესტო გამოსვლებს, იყო მოწოდებები ვითარების ესკალაციისკენ და პროტესტის რადიკალიზაციისკენ. პროტესტის მეათე დღე იყო ძალიან მძიმე, პიკს მიაღწია“,-განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი მთავრობა დაინტერესებულია თავისი მოქალაქეების დაცვით და არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ დაზიანდნენ მისი მოქალაქეები.
„როდესაც ხელისუფლებას აქვს ორგანიზებულ უწესრიგობასთან საქმე, იქ უკვე არჩევანის გაკეთება ხდება წესრიგის დამყარებასა და ჰუმანურ საქციელს შორის. ჩვენს ქვეყანაში სამი დღე იყო გამოცხადებული გლოვა, ეს იყო მართლაც ტრაგედია, რომელიც განხორციელდა უცხოური ჩარევებით და სოციალურ ქსელებში დაწყებული ანტიირანული კამპანიით. მსგავს სიტუაციებში ყოველთვის ხდება საგანგებო ვითარების გამოცხადება. ბოლო პერიოდში ირანშიც გაითიშა ინტერნეტი და სატელეფონო კომუნიკაციები სწორედ იმ მიზნით, რომ ხელისუფლება ცდილობდა თავისი მოსახლეობის და საზოგადოების დაცვას. ასევე მინდა შევეხო დაშავებულთა სტატისტიკას, მედია ავრცელებს მართლაც არარეალურ რიცხვებს, თითქოს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ბოლოდროინდელი მოვლენების დროს ირანში. ბუნებრივია, დაღუპულთა რაოდენობა ცოტა არ არის, მხოლოდ ერთ დღეს თეირანში 100 ადამიანი დაიღუპა, თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ გავიგოთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა, ამისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი სამუშაო, რომელიც უნდა გაწიოს პოლიციამ, სხვადასხვა სამართალდამცავმა ძალებმა, საავადმყოფოებმა, სამაშველო ორგანიზაციებმა და ასევე, უნდა იქნას შესწავლილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები“, – განაცხადა ელჩმა.

