ბიძინა ივანიშვილს ეშინია, მათ შორის ეშინია რუსეთისაც. იცის, რომ პუტინი მას უბრალოდ მოკლავს. რამდენიმე დღის წინ ჭორაობაც კი დაიწყეს, რომ ყველა რეზიდენციის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს აქვს ე.წ. ბუნკერები. ბიძინა ივანიშვილს რუსეთში წასვლა არ უნდა, ტრამპი კი არასდროს დაულაგდება ქართველ მადუროს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ვანო წერეთელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ეშინია ძალაუფლების დაკარგვის.
„სავაჭროდ მაგიდაზე არავინ დაუჯდა ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის პატიმრები და მათი ოჯახის წევრები. ეს არის ჩვენი საყრდენი და მთავარი ძალა. არავინ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან და არავინ დაუჯდა სალაპარაკოდ საერთაშორისო მასშტაბით. აქ არ ვლაპარაკობთ მხოლოდ და მხოლოდ დასავლეთზე, არცერთი აღმოსავლური წარმატებული ქვეყანა ბიძინა ივანიშვილთან და მის მონებთან სასაუბროდ მაღალი რანგის შეხვედრებს არ მართავს. კავკასიის მასშტაბითაც კი არანაირი საქმეში ჩართულები არ არიან. პირიქით, სამხრეთ კავკასიურ ერთობასაც ხელს უშლიან. არაერთხელ გავიგეთ, რომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან საქართველოს მიმტაცებელ ხელისუფლებას აქვს რაღაც პრობლემები. ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, არის რუსეთი, იმიტომ, რომ რუსეთის და პუტინის გარეშე, მათი ძალაუფლება უბრალოდ არ არის მყარი და არის მარტივად მოწყვლადი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს მათ შორის ეშინია რუსეთისაც. იცის, რომ პუტინი მას უბრალოდ მოკლავს. რამდენიმე დღის წინ ჭორაობაც კი დაიწყეს, რომ ყველა რეზიდენციის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს აქვს ე.წ. ბუნკერები, სადაც აქვს რამდენიმე თვის მარაგი, როგორც ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად შეიძლება ეს ასე იყოს. თუ ვინმეს რამის ეშინია ახლა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას ეს შიში ჯერ გადალახული არ აქვს. 420-ე დღე გადის, რაც ქუჩაში უბრალოდ ადამიანები ვერ გააჩერეს. რა არ მოიფიქრეს, რა კანონი არ შეცვალეს და არცერთმა არ იმუშავა. შეშინებულია, ბიძინა ივანიშვილს რუსეთში წასვლა არ უნდა“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.
ამასთან, ვანო წერეთელმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ქართული ოცნების“ ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ტრამპი ბიძინა ივანიშვილთან არასდროს დალაგდება“.
„ზაზა შათირიშვილის განცხადება მენიშნა – ახლა „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ ტრამპი არასდროს დალაგდება ბიძინა ივანიშვილის მსგავს ავტოკრატიასთან. ტრამპი არის დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ხოლო დემოკრატიის მტერი არის ავტოკრატია. რისთვის იბრძვის ახლა ხალხი ირანში, იმისთვის იბრძვის ახლა ხალხი საქართველოში. ტრამპი სწორედ ამის მოწინააღმდეგეა. ჩვენ ვნახეთ ქმედითი ნაბიჯი, რა გააკეთა დემოკრატიულმა სამყარომ იგივე მადუროსთან დაკავშირებით. ტრამპისთვის ყველა ეს ადამიანი არის მადურო. იგი მადუროსთან საუბარს და დიალოგს არ თანხმდება“, – განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა, მან ისაუბრა იმაზეც, რამდენად შეიძლება ტრამპმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ საქართველოს საჭიროებაც დაინახოს და მიიწვიოს. როგორც წერეთელმა აღნიშნა, „ის ამ საბჭოში „ოცნების“ დაპატიჟებას არ ელოდება“.
„ბიძინა ივანიშვილის ოცნება და მიზანი სწორედ ეს არის, რომ ის აღიარონ ავტოკრატიაში. ანუ აღიარონ, რომ ეს სივრცე მისია და ტრამპმა „აპატიოს“ მიტაცებული ძალაუფლება, ის შეცდომები და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მიიღოს სწორედ იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ახლა ბელორუსიის პრეზიდენტი მიიღეს. ეს არის ნამდვილად მისი ოცნება, რაც ვერ და არ გამოსდის. ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით არის დაბლოკილი. არ ველოდები ამ საბჭოში დაპატიჟებას. აქამდე მივიღებდით ამ ინფორმაციას. არ არის ის წარმოდგენილი არც დავოსის შეხვედრაზე, სადაც თავს იყრის უამრავი წარმომადგენელი, სადაც ისინიც დადიოდნენ თავის დროზე. ახლა, როცა ისინი ანადგურებენ დემოკრატიას, კლავენ ადამიანებს და იქცევიან როგორც მოიქცნენ 19 იანვარს, ეს კარგად აჩვენებს მათ ბოროტებას. ჩემი აზრით, მათი ადგილი იქ არ არის, ტრამპი არასდროს დაულაგდება ქართველ მადუროს“,- განაცხადა ვანო წერეთელმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ისაუბრა, „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაა და აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ საკუთარი თანაგუნდელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებების გამო, თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც დაბნეულები არიან.
„რა თქმა უნდა, დაბნეულობა იქნება. ჩვენზე უკეთ მათ იციან, რომ 13 წლის განმავლობაში „ოცნება“ მუშაობდა ზუსტად იმ რეჟიმით, რა რეჟიმის გამოც ახლა ბიძინა ივანიშვილმა დააპატიმრა საკუთარი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები. ღარიბაშვილს შეიძლება ოჯახის წევრიც კი ვუწოდოთ. ამაზე უფრო ახლო ადამიანი არ ჰყოლია. არაერთხელ უთქვამს, რომ შვილივით გაზარდა, თუმცა გაწირა. მის თამაშს ახლა დასჭირდა, რომ გაწიროს ეს ადამიანები, იმიტომ, რომ გაიმყაროს საკუთარი მდგომარეობა. არ აქვს მნიშვნელობა მანამდე რა ურთიერთობები ჰქონდა ვინმესთან. ამიტომ არიან დაშინებულები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. რაც შეეხება იმას, დაიჭერს თუ არა კახა კალაძეს, შესაძლოა, კახა კალაძეც დაიჭირონ. ეს შეიძლება ასე იყოს, იმიტომ, რომ კახა კალაძეს აქვს საკუთარი რეიტინგი და აქვს საკუთარი ფული. ამასობაში, ბიძინა ივანიშვილს დაუგროვდა საკუთარი გაზრდილი ადამიანები, რომლებსაც თავად მისცა ფულის კეთების შესაძლებლობა და ამ ხალხს უკვე დაუგროვდა ბევრი ფული. თუკი ისინი შეერთდებიან, შეიძლება თავი მოიყაროს იმდენმა თანხამ, რომ ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო ქმედებების ნაბიჯებიც კი გადადგან. ამის ეშინია თავად ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ვანო წერეთელმა.
გარდა ამისა, მან 19 იანვარს მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული შეწყალების აქტზე და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს იყო არაჰუმანური, არაადამიანური, არაქრისტიანული და ბოროტი საქციელი“.
„ამ გადაწყვეტილებაზე როცა ვსაუბრობთ, რაციონალურზე უფრო მეტად, ემოციური პასუხები მოდის. ეს არის არაჰუმანური, არაადამიანური, არაქრისტიანული და ბოროტი საქციელი. მოდი, თავი დავანებოთ პოლიტპატიმრებს და ყურადღება მივაქციოთ იმათ, ვინც შემდეგში გამოვიდნენ. ეს ადამიანები, რომლებიც არაფერ კავშირში არ არიან პოლიტიკასთან, მათ მიმართაც არაადამიანური იყო ეს დამოკიდებულება. რაღაც პერიოდით ადრე დაანონსებული ეს გამოშვების აქტი, წესით ჰუმანური უნდა იყოს და აქციეს ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღად. გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, არ იღებს ყაველაშვილი. გადაწყვეტილებები მიიღება ზემოთ და ერთი კაცის დაქვემდებარებაშია ყველაფერი. ეს ერთი ადამიანი ყოველთვის არის ბოროტი და ამ ბოროტებას ავლენს ნებისმიერი ასეთი თუ სხვაგვარი გადაწყვეტილებების მიღებისას. ერთადერთი სიტყვა, რომელიც შესაბამება, ამ წესით და რიგით კეთილ საქმესთან ასოცირებულ საქმეს, ეს არის ბოროტება, ბიძინა ივანიშვილის ბოროტი რეჟიმი. ის, რაც მათ ჩაატარეს შეწყალების კუთხით, არ მოსწონთ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებსაც. შეუძლებელია ადამიანს მოეწონოს ის, რაც ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიხილეთ. ბიძინა ივანიშვილისთვის საკუთარი ოჯახის იქით არ არსებობს არცერთი ადამიანი, ჰუმანიზმი, სიკეთე. მისთვის არსებობს ერთადერთი რამ – საკუთარი ძალაუფლება და ფული. ამ ძალაუფლებისა და ფულის შესანარჩუნებლად იყენებს ნებისმიერ მეთოდს. ერთადერთი, რაც მას აინტერესებს, აინტერესებს ის, რომ შეწყდეს საქართველოში წინააღმდეგობა“ – განაცხადა ვანო წერეთელმა.

