აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვხედავთ, რომ გუშინ-გუშინწინ მყარი სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და აშშ დღეს, პრაქტიკულად, დაპირისპირების რეჟიმში არიან გადასული – ევრობიუროკრატებს შიდა საქმეებში ჩარევა თუ არ მოსწონთ, საკუთარ ქცევას და დამოკიდებულებას ჩაუკვირდნენ პარტნიორებთან, საქართველოსთან და აუცილებლად აღმოაჩენენ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის არა ერთი ან ორი, არამედ ზღვა მცდელობა იყო, – ამის შესახებ , დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-ევროკავშირის ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდგომ არსებობდა, დღეს აღარ არის.
„პოლიტიკის დიდ მოთამაშეთა შორის იქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი და თამაშის ახალი წესები, მათ შორის ჩინეთთან. აშშ-სა და ევროკავშირს შორის ვხედავთ, რომ გუშინ-გუშინწინ მყარი სტრატეგიული პარტნიორობით გამორჩეული ევროკავშირი და აშშ დღეს, პრაქტიკულად, დაპირისპირების რეჟიმში არიან გადასული. ასევე, ჩინეთთან დამოკიდებულების თვალსაზრისით კრიტიკა, რომელსაც ვისმენდით მაშინ, როდესაც საქართველო სტრატეგიულ ურთიერთობას ამყარებდა ჩინეთთან, დასტურდება, რომ აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი თემა იყო, რადგან თვითონ ანალოგიურად ცდილობენ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ეკონომიკასთან დაამყარონ მჭიდრო და ახლო ურთიერთობა.
რაც შეეხება რუსეთს – რუსეთთან მიმართებით გვესმოდა მუდმივი კიჟინი ევროჩინოსნებიდან, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციიდან, რომ რუსეთი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, მის ხელმძღვანელობასთან არ უნდა ყოფილიყო არანაირი მოლაპარაკება, ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ „ნონგრატად“ ყველა მოცემულობაში და მოლაპარაკების მაგიდასთან. დღეს აბსოლუტურად საპირისპიროზე საუბრობენ. დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია წევრად და ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტი თუ იტალიის პრემიერი ალაპარაკდნენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან ომი რომ მშვიდობით დასრულდეს, მშვიდობა მოლაპარაკების გარეშე არ ხდება. თუკი ყველაფერს გააკეთებ, რომ მომლაპარაკებელთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდე, მაშინ შენი სურვილი ომის გაგრძელებაა, წარმოადგენ ომის პარტიის აქტიურ მხარდამჭერს და არ გინდა მშვიდობა იქ, სადაც ის სავალალო შედეგია, რომელიც ამ ომმა და ომის პარტიის მიმხრობამ გამოიწვია. დღეს სამწუხაროდ, უკრაინა უმძიმეს საომარ ვითარებაშია” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

