მაია ასათიანი „პროფილის“ ბოლო გადაცემის კრიტიკოსებს სოციალური ქსელით დამატებით პასუხობს:
“1921 წლის 25 თებერვალს თანამედროვე ტელევიზია რომ ყოფილიყო და მე კოჯრის მისადგომებთან ჩართვაზე ვმდგარიყავი-დავარღვევდი ყველა პროფესიულ სტანდარტს და ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ქვეყნის პოზიციაა!
დიახ, ხუთშაბათს მე, მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი…
ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკერძოებული და ასეთი ვიქნები ყოველთვის, როცა საქმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას ეხება! დგება მომენტი, როცა ჩვენ ჯერ მოქალაქეები ვართ და შემდეგ ჟურნალისტები!
პ.ს. თქვენ იყავით მშვიდად ბატონებო, როცა ნახევრი დარბაზი, მათ შორის ახალგაზრდები, სრული სერიოზულობით გიმტკიცებს, რომ ძია სოსო წმინდანი და რუსეთი მხსნელია! მე ეს არ შემიძლია და მე მგონი ეს ის დროა როცა ბრძოლაა საჭირო, ჰოდა ვიბრძოლებ!”, წერს მაია ასათიანი „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ „პროფილის“ ბოლო გადაცემამ, სადაც საპატრიარქოსგან, საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის გამო განკვეთილი მოძღვარი აჩვენეს, საზოგადოების ნაწილის მწვავე პროტესტი გამოიწვია. სოციალურ ქსელში ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაზე საუბრობდნენ.