აშშ-ის ქალაქებსა და საუნივერსიტეტო კამპუსებში ათასობით ადამიანმა, მათ შორის სტუდენტებმა, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაპროტესტებლად მსვლელობები გამართა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მომიტინგეები შეიკრიბნენ ვაშინგტონსა და უფრო პატარა ქალაქებში, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქი ეშვილში, სადაც დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა გამართეს და სკანდირებდნენ: „არა იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურს!“, „არა კუ კლუქს კლანს!“, „არა ფაშისტურ აშშ-ს!“.
საპროტესტო აქცია გამართეს ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც, რომლებიც სკანდირებდნენ „არა სიძულვილს!“, „არა შიშს!“. ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ სანტა-ფეში საპროტესტო აქციას „შეაჩერე იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახური“ სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
აქციები ორგანიზებული იყო მემარცხენე ჯგუფების, Indivisible-ისა და 50501-ის, ასევე პროფკავშირებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მიგრანტების დაკავების ბანაკებს, როგორიცაა ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში მდებარე ბანაკი, სადაც ფედერალური ხელისუფლების ცნობით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში სამი დაკავებული გარდაიცვალა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მას ამომრჩევლებისგან მიღებული მანდატი აქვს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მილიონობით მიგრანტის დეპორტაცია განახორციელოს.

