აშშ ნატოს რამდენიმე მთავარ სამეთაურო ცენტრში პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს – ინფორმაციას Reuters საკითხთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ დაახლოებით 200 თანამდებობას გააუქმებს ნატოს იმ სუბიექტებიდან, რომლებიც გეგმავენ და ზედამხედველობენ ალიანსის სამხედრო და სადაზვერვო ოპერაციებს.
ამან შესაძლოა ევროპაში ვაშინგტონის ალიანსისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით შეშფოთება გაამწვავოს – განუცხადეს გამოცემას წყაროებმა. მათივე თქმით, ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის ზოგიერთ დედაქალაქს უკვე აცნობა.
წყაროების ცნობით, აშშ-ის გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში არსებულ ნატო-ს დაზვერვის ცენტრსა და ბრიუსელში მდებარე ნატო-ს სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობას შეეხება. ასევე შემცირდება პორტუგალიაში დაფუძნებული STRIKFORNATO, რომელიც ზედამხედველობს ზოგიერთ საზღვაო ოპერაციას.
Reuters-ის ცნობით, ინფორმირებულმა წყაროებმა არ დააკონკრეტეს, რატომ გადაწყვიტა პერსონალის რაოდენობის შემცირება, მაგრამ ეს ნაბიჯები ემთხვევა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გაცხადებულ განზრახვას, გადაიტანოს მეტი რესურსი დასავლეთ ნახევარსფეროში.
გადაწყვეტილების შესახებ პირველად გამოცემა Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია.

