მოქალაქეობის მინიჭება ჩემს ხელში არ იყო, არ მქონდა ბერკეტი, რომ ჩემით გადამეწყვიტა , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, წლების განმავლობაში ივანიშვილის გუნდი ქართველებს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს მისი სახელით ეუბნებოდა, რეალურად კი თვითონ არაფერს წყვეტდა კომისიაში.
მისივე განცხადებით, 6 წელი ითხოვდა ამ ნორმის შეცვლას, მაგრამ არ შეცვალეს.
“მე არასდროს მითქვამს უარი მოქალაქეობის მინიჭებაზე არცერთი ქართველისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ეს იქნებოდა, ფერეიდნელი თუ ახლანდელი ემიგრანტები, რომლებიც დღეს ევროპასა თუ ამერიკაში იმყოფებიან. მე არ მქონდა იმის ბერკეტი, რომ ჩემით გადამეწყვიტა, მე დამოკიდებული ვიყავი კომისიაზე, სადაც 2 ხმა მქონდა მხოლოდ და არ მქონდა უმრავლესობა, რომ გადამეხედა კომისიის გადაწყვეტილებისთვის.
პირველი დღიდან, იუსტიციის სამინისტროს ვთხოვდი, რომ ან ჩემთვის გადმოეცათ იმისი უფლება, რომ მე მქონოდა ბოლო სიტყვა კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ან შეეცვალათ იმ წერილის ტერმინები, რომლითაც აცნობდნენ ადამიანებს, რომ მათ არ ეძლეოდათ მოქალაქეობა და რაზედაც მე უნდა მომეწერა ხელი. იმ წერილში ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტთან გადაიგზავნა ეს პასუხები საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. ეს იყო ტყუილი, რაც ვერ შევცვალე 6 წლის მანძილზე. რეალობა ის არის, რომ ჩემ ხელში არ იყო მოქალაქეობის მინიჭება. მე ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ვერ მიიღო მოქალაქეობა. პირველი დღიდან, როცა ვწყვეტდით საკითხს ორმაგი მოქალაქეობის, მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება დავუბრუნოთ მოქალაქეობა ყველა ქართველს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დემოგრაფიული კრიზისი, და რომც არ იყოს, ჩვენნაირ ქვეყანას სჭირდება როგორც მისი ადამიანური უზარმაზარი რესურსი, რომ ყველა ქართველს მივანიჭოთ და დავუბრუნოთ მოქალაქეობა , – განაცხდა ზურაბიშვილმა.

