ევროკავშირი არ აპირებს აშშ-თან ჩხუბის დაწყებას გრენლანდიის საკითხის გამო, თუმცა დაიცავს საკუთარ პოზიციებს და ამისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებიც აქვს – აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიაზე, გრენლანდიასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ევროკავშირი არ აპირებს ჩხუბის დაწყებას, მაგრამ დაიცავს საკუთარ პოზიციებს. ევროპას აქვს ინსტრუმენტების ნაკრები თავისი ინტერესების დასაცავად.
ევროკავშირი ეჭვგარეშე რჩება დანიისა და გრენლანდიის გვერდით მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. შაბათს პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებმა შექმნა ვითარება, რომელშიც აქამდე არ ვყოფილვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს: სიმშვიდის შენარჩუნება, საკუთარი პოზიციების დაცვა და ერთობლივი მოქმედება“ – აღნიშნა კალასმა.

